ბენიამინ ნეთანიაჰუ - მჯეროდა, რომ დიპლომატიურ ზეწოლასთან ერთად, სამხედრო ზეწოლას თუ გამოვიყენებდით, ყველა მძევლის დაბრუნებას შევძლებდით, ჩვენ სწორედ ეს გავაკეთეთ
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მიაღწია შეთანხმებას ყველა მძევლის დაბრუნების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს ეს შეუძლებელი ეგონა.
„მე მჯეროდა, რომ ძლიერ სამხედრო ზეწოლას, ძლიერ დიპლომატიურ ზეწოლასთან ერთად თუ გამოვიყენებდით, შევძლებდით ყველა მძევლის დაბრუნებას და სწორედ ეს გავაკეთეთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ინტენსიურ შიდა და საერთაშორისო ზეწოლასთან ჰქონდა საქმე. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მისი გადაწყვეტილებები მხოლოდ ისრაელის უსაფრთხოებით იყო განპირობებული.
„ეს ნიშნავს ომის მიზნების მიღწევას, მათ შორის მძევლების დაბრუნებას, ირანისგან მომავალი საფრთხის აღმოფხვრას და ირანული ღერძის განადგურებას, რომლის ცენტრალური კომპონენტიც „ჰამასია““, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს „ჰამასზე“ დიპლომატიური ზეწოლისთვის მადლობა გადაუხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ტრამპმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მეგობრობა ისრაელისადმი. ისრაელის პრემიერის განცხადებით, „ჰამასი“ შეთანხმებას მხოლოდ მაშინ დათანხმდა, როდესაც ტრამპის გეგმამ ისინი საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ შემდგომ ეტაპებზე „ჰამასი“ განიარაღდება და ღაზა დემილიტარიზებული იქნება
„თუ ეს მიიღწევა მარტივი გზით, შესანიშნავია, ხოლო თუ არა, ეს მიიღწევა რთული გზით“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.