ბენიამინ ნეთანიაჰუ – „ლიკუდი“ ისრაელში ყველაზე დიდი პარტიაა, ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მემარჯვენე, ეროვნული ძლიერი მთავრობა, არ უნდა გყვავდეს მთავრობა, რომელიც ანტისიონისტურ არაბულ პარტიებს დაეყრდნობა

08:38, 28.10.2026

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარტია „ლიკუდის“ საარჩევნო შტაბში სიტყვით გამოსვლისას პარტია „ლიკუდის“ აქტივისტებს მადლობა გადაუხადა.

როგორც ნეთანიაჰუმ განაცხადა, საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს ჯერ კიდევ ელოდებიან, თუმცა, აღნიშნა, რომ პარტია „ლიკუდი“ ისრაელში ყველაზე დიდი პარტიაა.

„ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით საბოლოო შედეგებს, რომლებსაც მომდევნო ერთი-ორი დღის განმავლობაში მივიღებთ. რაც შეეხება „ლიკუდს“, ორი რამ გახდა ნათელი. პირველი და უდავოა, რომ „ლიკუდი“ ისრაელში ყველაზე დიდი პარტიაა. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მემარჯვენე, ეროვნული და ძლიერი მთავრობა. სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ. არ უნდა დავაყენოთ საფრთხის ქვეშ ისრაელი და არ უნდა გვყავდეს მთავრობა, რომელიც ანტისიონისტურ არაბულ პარტიებს დაეყრდნობა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა მედიასაშუალებები, რომლებიც არჩევნებამდე ვარაუდობდნენ, რომ „ლიკუდი“ ცუდ შედეგს აჩვენებდა.

„მემარჯვენე ბლოკს მკაფიო და გადამწყვეტი უმრავლესობა აქვს. ისრაელის წინაშე ისტორიული, უნიკალური შესაძლებლობაა – ჩვენს პარტნიორ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად, ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხვრათ ირანისგან მომდინარე ეგზისტენციალური საფრთხე“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ხმების 35.6%-ის დათვლის თანახმად, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდამჭერი ბლოკი 120-ადგილიან ქნესეთში 59 მანდატს მოიპოვებს, ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგე პოლიტიკური ბლოკი კი 46 მანდატს. ამავე მონაცემების მიხედვით, ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდს“ ქნესეთში 29, ხოლო მისი მთავარი კონკურენტის, გადგი აიზენკოტის პარტია „იაშარს“ 20 მანდატი ექნება.

მსგავსი