ბენიამინ ნეთანიაჰუ კიევისთვის ანტისარაკეტო სისტემის, „რკინის გუმბათის“ გადაცემის შესაძლებელობას განიხილავს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კიევისთვის ანტისარაკეტო სისტემა „რკინის გუმბათის“ გადაცემის შესაძლებელობას განიხილავს. ამის შესახებ მან განცხადება ამერიკულ ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“-თან ინტერვიუში გააკეთა.
ამასთან ერთად, ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ აშშ-მა გადასცა უკრაინას ვაშინგტონის კუთვნილი საარტილერო ჭურვები, რომლებიც ისრაელში იყო დასაწყობებული. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ მისი სახელმწიფოს ოპერაციები ირანის წინააღმდეგ მიმართულია, მათ შორის, იმ ქარხნების განადგურებისკენ, სადაც უკრაინაში გასაგზავნ შეიარაღებას აწარმოებენ.
„გულწრფელად რომ გითხრათ, ისრაელი მოქმედებს იმ ხერხებით, რომლებსაც ახლა არ ჩამოვთვლი, ირანის იმ იარაღის წარმოების წინააღმდეგ, რომელსაც უკრაინის მიმართ იყენებენ“, – თქვა ნეთანაჰუმ.
დასავლეთი და კიევი ამტკიცებენ, რომ ირანი რუსეთს აწვდის საბრძოლო უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებსაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. მოსკოვი და თეირანი ამ ბრალდებას უარყოფენ.