ბენიამინ ნეთანიაჰუ კატარს მოუწოდებს, დაამტკიცოს შუამავლის სტატუსი და დაეხმაროს ისრაელს მძევლების დაბრუნებაში
ბენიამინ ნეთანიაჰუ კატარს მოუწოდებს, დაამტკიცოს შუამავლის სტატუსი და დაეხმაროს ისრაელს მძევლების დაბრუნებაში

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კატარს მოუწოდებს, დაამტკიცოს თავისი შუამავლის სტატუსი და დაეხმაროს ისრაელს მძევლების შინ დაბრუნებაში.

ბენიამინ ნეთანიაჰუს კატარსა და ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს. ფარულ აუდიოჩანაწერში ნეთანიაჰუ არასაკმარისი ძალისხმევის გამო კატარსა და აშშ-ს აკრიტიკებდა.

„კატართან დაკავშირებით არცერთი სიტყვა უკან არ მიმაქვს, უარს არ ვიტყვი არცერთი ხაზიდან, რათა ზეწოლა მოვახდინოთ „ჰამასსა“ თუ სხვაზე, ვისაც „ჰამასზე“ ზეწოლის განხორციელება შეუძლია, რომ დავიბრუნოთ მძევლები. კატარი მასპინძლობს „ჰამასის“ ლიდერებს. ასევე აფინანსებს მათ. გააჩნია ბერკეტი „ჰამასზე“ სამოქმედოდ. კატარი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ მედიკამენტებმა მიაღწიოს ჩვენს მძევლებამდე. მათ თავი შუამავლად წარმოადგინეს, ასე რომ, მიდით, დაამტკიცეთ ეს სტატუსი და დაგვაბრუნებინეთ ჩვენი მძევლები. მანამდე კი უზრუნველყავით, რომ მათთან წამლებმა მიაღწიოს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.