ბენიამინ ნეთანიაჰუ - იემენზე ისრაელის იერიში ჩვენი მტრებისთვის მკაფიოს ხდის, რომ არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მიწვდება, დავიცავთ საკუთარ თავს ყველა გზით, ყველა ფრონტზე
ბენიამინ ნეთანიაჰუ - იემენზე ისრაელის იერიში ჩვენი მტრებისთვის მკაფიოს ხდის, რომ არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მიწვდება, დავიცავთ საკუთარ თავს ყველა გზით, ყველა ფრონტზე

ისრაელის იერიში იემენზე ჩვენი მტრებისთვის მკაფიოს ხდის, რომ არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მიწვდება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იემენზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მე მაქვს გზავნილი ისრაელის მტრებისადმი – არ შეცდეთ ჩვენთან დაკავშირებით. ჩვენ დავიცავთ საკუთარ თავს ყველა გზით, ყველა ფრონტზე. ყველა, ვინც ზიანს მოგვაყენებს, თავისი აგრესიისთვის ძალიან ძვირს გადაიხდის“, – განაცხადა ისრაელის ლიდერმა.

ნეთანიაჰუმ ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, გაამკაცრონ ზომები ირანისა და მასთან დაკავშირებული ჯგუფების წინააღმდეგ.

„ყველა, ვისაც სურს, იხილოს სტაბილური და უსაფრთხო ახლო აღმოსავლეთი, უნდა აღუდგეს ირანის ბოროტების ღერძს და მხარი დაუჭიროს ისრაელის ბრძოლას ირანში, იემენში, ღაზაში, ლიბანსა და სხვაგან მისი მარიონეტების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერის განცხადებით, დარტყმა იემენში მდებარე ალ-ჰუდაიდას პორტზე, რომელსაც „ჰუსიტები“ იარაღის ტრანსპორტირებისთვის იყენებენ, იყო პირდაპირი პასუხი თელ ავივზე „ჰუსიტების“ მიერ დრონით მიტანილ იერიშზე.

„პორტი, რომელიც დაიბომბა, არ არის უდანაშაულო პორტი. მას სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ, ირანის მიერ „ჰუსიტებისთვის“ ლეტალური იარაღის მისაწოდებლად“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, „ჰუსიტები“ ბოლო თვეების განმავლობაში საფრთხეს უქმნიან საზღვაო მიმოსვლას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო სატრანსპორტო მარშრუტზე.

ისრაელის სამხედრო ავიაციამ იემენში, შიიტი „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებულ ქალაქ ჰოდეიდაზე მასშტაბური იერიში განახორციელა. ისრაელის სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი დღით ადრე „ჰუსიტების“ უპილოტო აპარატი ისრაელის ქალაქ თელ ავივში აფეთქდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელი იემენლ „ჰუსიტებს“ საპასუხო მოქმედებით დაემუქრა.