ბენიამინ ნეთანიაჰუ - „ჰამასის“ დამარცხების გეგმის ფარგლებში, ისრაელი მთელ ღაზას გააკონტროლებს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - „ჰამასის“ დამარცხების გეგმის ფარგლებში, ისრაელი მთელ ღაზას გააკონტროლებს

„ჰამასის“ დამარცხების გეგმის ფარგლებში ისრაელი მთელ ღაზას გააკონტროლებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, მიზანია საბოლოოდ ისეთი სიტუაციის მიღწევა, როდესაც ტერიტორიას მთლიანად ისრაელის თავდაცვის ძალები აკონტროლებენ და ღაზის მთელ მშვიდობიან მოსახლეობას შეუძლია დახმარების მიღება, სადაც „ჰამასი“ არაფერს მიიღებს.

„ეს არის ომისა და გამარჯვების გეგმა. უზარმაზარი ბრძოლები მიმდინარეობს, ინტენსიური და მასშტაბური, და ჩვენ მიზანს ვუახლოვდებით. ჩვენ ვაპირებთ ღაზის სექტორის ყველა ნაწილის კონტროლს, სწორედ ამას ვაპირებთ”, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

პარალელურად, ისრაელის მედია წერს, რომ „ისრაელის თავდაცვის ძალებმა“ ქალაქი ხან იუნისი საბრძოლო ზონად გამოაცხადა და ღაზის მოსახლეობას წასვლისკენ მოუწოდა.

„ისრაელის თავდაცვის ძალები უპრეცედენტო შეტევას განახორციელებენ ამ ტერიტორიაზე ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლებლობების გასანადგურებლად“, – განაცხადეს ისრაელის არმიაში.