ბენიამინ ნეთანიაჰუ - ცვლილებები საჭიროა, რადგან ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ისრაელის დემოკრატია
ცვლილებები საჭიროა, რადგან ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ისრაელის დემოკრატია, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ისრაელის დემოკრატია. დემოკრატიის არსი არის ბალანსი უმრავლესობის ნებასა და უმცირესობის უფლებებს შორის. ეს მიიღწევა ხელისუფლების სამ შტოს შორის ბალანსით. ეს გაუქმებული იყო ბოლო 20 წლის განმავლობაში, რადგან ჩვენ გვაქვს ყველაზე აქტიური სასამართლო მთელ მსოფლიოში. ეს იქნება ოქროს შუალედი და იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, კანონის „ისრაელის დემოკრატიის დასასრულად“ აღქმა არასწორია და ამას უახლოეს პერიოდში ყველა დაინახავს.
„მე არ ვფიქრობ, რომ არგუმენტები რეალურია, მაგრამ ვფიქრობ, ხალხის შეშფოთება ბუნებრივია, რადგან ხალხს ეშინია და მე ეს მესმის. რეალურად, ახლა უფრო ოპტიმისტი ვარ, ვიდრე აქამდე ვიყავი“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, ისრაელის პარლამენტმა, ქნესეთმა, მიიღო ახალი, სადავო სასამართლო კანონპროექტი, რომელიც ზღუდავს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებას. სასამართლო რეფორმამ გამოიწვია საპროტესტო აქციები და გაფიცვები.