ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ მოვიშორეთ ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების საფრთხე, მალე განადგურების საშიშროების წინაშე დავდგებოდით, რომ არ გვემოქმედა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტა „ისტორიულ გამარჯვებად“ შეაფასა.
ნეთანიაჰუს თქმით, ეს გამარჯვება თაობებს დაამახსოვრდება.
„ჩვენ მოვიშორეთ ორი უშუალო ეგზისტენციალური საფრთხე – ბირთვული საფრთხე და ბალისტიკური რაკეტების საფრთხე. რომ არ გვემოქმედა, მალე განადგურების საშიშროების წინაშე დავდგებოდით“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის უმაღლესი სარდლობის ლიკვიდირება მოახდინეს.
„ისრაელის კამპანიამ ასევე გაანადგურა ისპაანის, ნათანზისა და არაკის ბირთვული ობიექტები“, – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე შეაქო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კამპანიაში მონაწილეობისთვის.
„ჩვენმა მეგობარმა, პრეზიდენტმა ტრამპმა უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოგვიცხადა. მისი მითითებით, აშშ-ის სამხედროებმა განადგურეს ფორდოს ბირთვული ობიექტი“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ირანი ბირთვულ იარაღზე წვდომას ვერ მიიღებს.
ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა გაანადგურა ირანის რაკეტების საწარმოო ინდუსტრია, ათობით ქარხანა და მნიშვნელოვნად დააზიანა რაკეტების მარაგები, ასევე – გამშვები დანადგარები.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა დღეს, გამთენიისას ირანს „ყველაზე მტკივნეული დარტყმა“ მიაყენეს კონფლიქტის დაწყების შემდეგ.