ბენიამინ ნეთანიაჰუ ბუდაპეშტში ჩავიდა, სადაც ვიქტორ ორბანთან შეხვედრას გამართავს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბუდაპეშტში ჩავიდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა, კრისტოფ სალაი-ბობროვნიცკიმ დაწერა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ბენიმინ ნეთანიაჰუს პირველი ვიზიტი ევროპულ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბუდაპეშტში, ბენიამინ ნეთანიაჰუ!“ – დაწერა სალაი-ბობროვნიცკიმ და ისრაელის პრემიერ-მინისტრის აეროპორტში დახვედრის ფოტო გამოაქვეყნა.
როგორც მედია წერს, დღეს ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდება.
ცნობისთვის, უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლას გეგმავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, ბენცე ტუჟონმა გასულ კვირას ელჩებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა. ჰააგის სასამართლოდან უნგრეთის გასვლას უნგრეთის პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი.