ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მიღწეულ შეთანხმებას ისტორიულს უწოდებს. შესაბამისი განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გააკეთა.
შეთანხმება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას გულისხმობს, სანაცვლოდ კი ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ნაწილის ანექსიის გეგმას აჩერებს.
საგარეო საქმეთა საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი ანვარ გარგაში ამბობს, რომ ორი ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯი პალესტინის საქმეს ემსახურება.
შეთანხმებას მიესალმა ეგვიპტის პრეზიდენტიც. აბდელ ფატა ალ-სისის განცხადებით, ორი ქვეყნის შეთანხმება რეგიონულ კეთილდღეობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. სამშვიდობო შეთანხმება აშშ-ის ადმინისტრაციის შუამავლობით გაფორმდა.
ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ისტორიული შეთანხმების შესახებ დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა. შეთანხმების თანახმად, ისრაელი იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სუვერენიტეტის გაფართოებას შეაჩერებს.