ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ისრაელის სუვერენიტეტს იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე გაავრცელებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ 9 აპრილს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ისრაელის სუვერენიტეტს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე გაავრცელებს. როგორც გამოცემა „ჰაარეტცი“ წერს, ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ადგილობრივ ტელეკომპანიასთან – მე-12 არხთან ინტერვიუში განაცხადა.
„პალესტინური სახელმწიფო ჩვენს არსებობას საფრთხეს შეუქმნის, ბოლო რვა წლის განმავლობაში მე დიდ ზეწოლას გავუძელი, არც ერთ პრემიერს ასეთი ზეწოლისთვის არ გაუძლია. ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი მომავალი“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების შესახებ საუბრისას, ნეთანიაჰუმ აღნიშნა: „გადავალთ თუ არა მომდევნო ეტაპზე? კი. მე გავაფართოვებ სუვერენიტეტს, მე არ განვასხვავებ დასახლებებს, რადგან ყველა დასახლება ისრაელურია და არ გადავცემ მას პალესტინურ სუვერენიტეტს“.
„არ გავყოფ იერუსალიმს, არ განვახორციელებს, რომელიმე დასახლების ევაკუაციას, უზრუნველვყოფ, რომ ვაკონტროლოთ იორდანეს დასავლეთით ტერიტორია“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთი სანაპირო 1967 წელს ექვსდღიანი ომის დროს დაიკავა.