ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მთავრობა სასამართლო რეფორმის განხილვას მომდევნო საპარლამენტო სესიისთვის გადადებს
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მთავრობა სასამართლო რეფორმის განხილვას მომდევნო საპარლამენტო სესიისთვის გადადებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მთავრობა სასამართლო რეფორმის განხილვას მომდევნო საპარლამენტო სესიისთვის გადადებს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.

როგორც ნეთანიაჰუმ განაცხადა, რეფორმის მეორე და მესამე მოსმენა შემდეგ საპარლამენტო სესიაზე გაიმართება, რომელიც მაისშია დაგეგმილი. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მთავრობამ რეფორმის გადადების გადაწყვეტილება უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევის სურვილის გამო მიიღო.

ბენიამინ ნეთანიაჰუ სასამართლო სისტემის სადავო ცვლილებების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პროტესტები საფრთხეს უქმნის ეროვნულ ერთიანობას. ნეთანიაჰუს განცხადებით, მისი მთავრობა არასდროს მიიღებს სამოქალაქო ომს და ახლა ისრაელი დგას კრიზისის წინაშე, რომელიც არის ნამდვილი საფრთხე ეროვნული ერთიანობისთვის.

როგორც ნეთანიაჰუმ მიმართვისას აღნიშნა, „ექსტრემისტული უმცირესობა“ მზად არის, გაყოს ერი.

მისი თქმით, ქვეყანა საშიშ გზაგასაყარზე იმყოფება. მან პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა გამოსავალი მოძებნოს. პრემიერ-მინისტრმა ასევე მოუწოდა ყველას, იმოქმედონ პასუხისმგებლობით.

„სამოქალაქო ომი არ უნდა მოხდეს, ჩვენ ისრაელის საზოგადოებაში საშიში შეჯახების გზაზე ვართ. ჩვენ ვართ კრიზისის პროცესში, რომელიც ჩვენ შორის ერთიანობას საფრთხეს უქმნის. მსგავსი კრიზისი ყველა ჩვენგანისგან პასუხისმგებლიან მოქმედებას ითხოვს. ჩვენ ვემხრობით სასამართლო სისტემაში აუცილებელი ცვლილებების შეტანას და შესაძლებელს გავხდით, რომ ამას ფართო კონსენსუსის გზით მოვაღწიოთ. ეს არის ღირსეული მიზანი. ამგვარად, ეროვნული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მოსახლეობაში გახლეჩვის თავიდან აცილების სურვილით, გადავწყვიტე, გადავდო კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენა ქნესეთის მიმდინარე სესიაზე, რომ ამგვარად გვქონდეს დრო, რათა მივაღწიოთ ფართო თანხმობას ქნესეთის მომავალი სესიის წინ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მთავრობის მიერ ინიცირებულ სადავო სასამართლო რეფორმის გამო ისრაელში მრავალი კვირის განმავლობაში საპროტესტო გამოსვლები იმართება, თუმცა ბოლო კვირის განმავლობაში პროტესტმა განსაკუთრებით მასშტაბური ხასიათი მიიღო. პროტესტს 27 ქალაქის მერი შეუერთდა, რომლებმაც შიმშილობა გამოაცხადეს. გუშინ კი ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა.

ინიცირებული რეფორმა, რომელიც ქნესეთმა პირველი მოსმენით თებერვალში მიიღო, უზღუდავს უზენაეს სასამართლოს უფლებამოსილებას, შეაჩეროს მთავრობის მიერ მიღებული კანონების მოქმედება. ასევე, მოსამართლეების შერჩევის პროცესში მთავრობის უფლებამოსილებას ზრდის.