ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ირანზე თავდასხმის განახლებას არ აპირებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ირანზე თავდასხმის განახლებას არ აპირებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე უარყო მისი მისამართით გაკეთებული ბრალდებები, რომელთა მიხედვითაც, მან, შესაძლოა, სამხედრო დაპირისპირება არჩევნებში უპირატესობის მოსაპოვებლად გამოიყენოს.
ამასთან, ნეთანიაჰუმ ირანი და მისი მოკავშირეები გააფრთხილა, ამ პერიოდის განმავლობაში ისრაელზე თავდასხმისგან თავი შეიკავონ. ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა, ირანის მარიონეტებმა ისრაელზე თავდასხმა არჩევნებამდეც სცადონ.
„მაშინაც კი, თუ ირანი ჩვენკენ რაკეტებს გაისვრის, ამაში მაინც მე დამადანაშაულებენ“, – განუცხადა ნეთანიაჰუმ ისრაელის არმიის რადიოს.
ამასთან, ისრაელის პრემიერმა არ დააკონკრეტა, თუ რა გეგმა აქვს ირანთან მიმართებით იმ შემთხვევაში, თუ მისი პარტია არჩევნებში გაიმარჯვებს.
ისრაელში საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს არის დაგეგმილი, სადაც ქნესეთის 120 წევრს აირჩევენ. ქნესეთში უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად პარტიას ან კოალიციას, მინიმუმ, 61 ადგილი სჭირდება. პარტიებმა საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 3.25%-იანი საარჩევნო ბარიერი უნდა გადალახონ.