ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ 2023 წელს, „ჰამასის“ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ეგვიპტის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი საიდუმლო ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ადასტურებს ინფორმაციას, რომ „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ეგვიპტის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი აბას ქამელი საიდუმლო ვიზიტით ისრაელში ჩავიდა.
ნეთანიაჰუს თქმით, ქამელს მასთან არც უსაუბრია და არც შეხვედრია.
„ის მე არ შემხვედრია, რადგან იმ დროს ისრაელის თავდაცვის ძალების დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიას ვესწრებოდი. როდის ხვდება სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი სახელმწიფოს მეთაურს?“ – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ნეთანიაჰუს განცხადებით, მისთვის უცნობია, ვის შეხვდა ეგვიპტის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი ისრაელში ვიზიტის დროს.
„ეგვიპტის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი აქ იმყოფებოდა. მან ადგილზე დაახლოებით 50 წუთი გაატარა. მინდა, ვიცოდე, ვის შეხვდა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ 2023 წლის 7 ოქტომბრამდე ღაზის სექტორიდან მოსალოდნელი მასშტაბური თავდასხმის შესახებ წინასწარი გაფრთხილებები მიიღო, თუმცა შესაბამისი ზომები არ გაატარა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამ ცნობებს კატეგორიულად უარყოფს.