ბენი განცი ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებს, ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიოს, თუნდაც საფასური ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა იყოს
პარტია „ეროვნული ერთიანობის“ ლიდერი და ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბენი განცი ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებს, ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიოს, თუნდაც საფასური ცეცხლის ხანგრძლივი შეწყვეტა იყოს.
„ღაზაში ომი არ არის, იქ ბრძოლა მიმდინარეობს. თავიდანვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ინტენსიური კამპანია სამ თვეს გაგრძელდებოდა, რასაც მოჰყვებოდა ბრძოლა ერთი წლის ან, შესაძლოა, მეტი ხნის განმავლობაში, რათა „ჰამასის“ სამხედრო ინფრასტრუქტურა დაენგრიათ. ეს დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო. ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ ყველა მძევალი, მაშინაც კი, თუ საფასური ცეცხლის ხანგრძლივი შეწყვეტაა. მსოფლიოსთვის და ჩვენთვისაც ნათელია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, ვიცხოვროთ ტერორისტულ ორგანიზაციასთან ერთად. ჩემი აზრით, „ჰამასი“ არ გადაიქცევა მშვიდობის მოძრაობად. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შეთანხმება ღაზაში რეჟიმის შესაცვლელად და მისი დემილიტარიზაციისთვის. ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ „ჰამასის“ გეგმას“, – განაცხადა განცმა.
ამასთან, განცის თქმით, მხარს უჭერს სირიასთან ურთიერთობის ნორმალიზაციას, მაგრამ დამასკოსთან ნებისმიერი შეთანხმება ყურადღებით უნდა იყოს განხილული.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ეხებოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს საქმეზე სასამართლო პროცესის უნდა შეწყდეს, განცმა განაცხადა, რომ ეს ისრაელის სახელმწიფოს შიდა საქმეა.
„ეს ისრაელის სახელმწიფოს შიდა საქმეა და ამ საკითხში გარე ჩარევის ან გავლენის ადგილი არ არსებობს“, – განაცხადა განცმა.