ბენფიკას პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჟოაო ფელიქსი წელს გუნდიდან არ წავა
ბენფიკა არ აპირებს თავისი საუკეთესო ფეხბურთელების, მათ შორის არც ჟოაო ფელიქსის გაყიდვას, განაცხადა პორტუგალიური გუნდის პრეზიდენტმა ლუიშ ფელიპე ვიერამ. შემტევ ნახევარმცველ ფელიქსს, რომელიც ჯერ 19 წლისაა, ახალ კრიშტიანო რონალდოს უწოდებენ და, როგორც ირკვევა, მას თვალი უკვე დაადგეს რეალ მადრიდმა, მანჩესტერ იუნაიტედმა და იუვენტუსმა.
ლოსაბონური გრანდის ძირითად გუნდში დამკვიდრებიდან ფელიქსმა პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 22 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 13 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.
„რაც შეეხებათ ჩვენს ახალგაზრდებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ძირითად გუნდშია, ბენფიკა ყველაფერს გააკეთებს, რათა ისინი არსად წავიდნენ. მე შემიძლია გარანტია მივცე ჩვენს გულშემატკივრებს, რომ არავინ წავა“, – აცხადებს ვიერა.
ფელიქსი ბენფიკას 2023 წლამდე ეკუთვნის და, გარდა ამისა, კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მისი ვადამდე გუნდიდან გაშვების საფასური 120 მილიონი ევროა.
19 წლის ვუნდერკინდის გარდა, უცხოური კლუბები ბენფიკას ორი ახალგაზრდა მოთამაშით, 21 წლის რუბენ დიაშითა და 20 წლის ჟოაო ფელიპეთი არიან დაინტერესებულნი.