„ბენდელას“ სტადიონზე ტრაგიკულად დაღუპული უმცროსი ივიკო ჭელიძის სახელობის ტურნირი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
„ივიკოს თასი“ მეხუთედ ტარდება. წელს ტურნირზე 2006 წელს დაბადებული ფეხბურთელები მონაწილეობენ. მთავარი პრიზისთვის ოთხ ჯგუფში გადანაწილებული 16 გუნდი იბრძოლებს, ხოლო ფინალი 25 აპრილს გაიმართება.
გახსნის ცერემონიაზე მონაწილე გუნდებს საჩუქრად ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის გამოსახულებიანი ფორმები გადაეცათ.
„პატარა ივიკომ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე მითხრა, რომ მისი ოცნება დიდი ფეხბურთის თამაში იყო. მერე ის შემთხვევა მოხდა, რამაც მთელო საქართველო შეძრა და ოცნება ვერ აიხდინა. მაშინ გამიჩნდა აზრი, გაგვემართა ივიკოს ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, რომელიც ბავშვებს გაზრდასა და წინსვლაში დაეხმარება და ფეხბურთის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. საბედნიეროდ, ეს იდეა აიტაცეს და მიხარია, რომ უკვე მეხუთე წელია, რაც „ივიკოს თასი“ ტარდება და უფრო და უფრო პოპულარული გათამაშება ხდება” – ამბობს ტურნირის ინიციატორი, ფეხბურთელის ბაბუა ივერი ჭელიძე.