„ივიკოს თასის“ გამარჯვებული „დინამო თბილისის“ აკადემიაა #1TVSPORT
„ივიკოს თასის“ გამარჯვებული „დინამო თბილისის“ აკადემიაა #1TVSPORT

„ბენდელას“ სტადიონზე დამთავრდება „ივიკოს თასის” (მომავლის თასი) გათამაშება. ბოლო წლების ტრადიციული ტურნირი „ოლიმპის“ საფეხბურთო აკადემიის ფეხბურთელის, ტრაგიკულად გარდაცვლილი უმცროსი ივიკო ჭელიძის ხსოვნას ეძღვნება და წელს მეშვიდედ გაიმართა.

გათამაშების ორგანიზატორი ტრადიციულად თბილისის ფეხბურთის ფედერაციაა, ხოლო მხარდამჭერი – თბილისის მერია. წლევანდელ გათამაშებაში მთავარი პრიზისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 16 გუნდი იბრძოდა.

მესამე ადგილისთვის „ვიკინგები“ „საბურთალოს“ დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა. ფინალში „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიის გუნდი და „გლდანი“ გავიდნენ. თავიდან „გლდანი“ დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ „დინამომ“ მეტოქე 5:1 დაამარცხა და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.

„ორი წლის განმავლობაში ტურნირი პანდემიის გამო არ ტარდებოდა. მიხარია, რომ ნელ-ნელა ჩვეულ კალაპოტს ვუბრუნდებით და ტურნირებს ისევ ვატარებთ“, – ამბობს თბილისის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გია ძამუკაშვილი.

„ივიკოს სურდა, რომ ფეხბურთელი გამხდარიყო. სამწუხაროდ, მან ეს ვერ მოახერხა. „ივიკოს თასის“ იდეა ისაა, რომ მომავალი თაობების წარმოჩენას შევუწყოთ ხელი. თავიდან საერთაშორისო ტურნირის გამართვას ვაპირებდით. ოთხი წლის წინ უცხოელების მოწვევა მოვახერხეთ, მაგრამ მერე პანდემიამ ხელი შეგვიშალა და საერთოდ ვეღარ ვმართავდით. მაგრამ სამომავლოდ ამ გეგმას მაინც განვახორციელებ, რადგან ვუყურებ, უფრო და უფრო ნიჭიერი ბავშვები და თაობები მოდიან“, – ამბობს ტურნირის ინიციატორი, ივიკო ჭელიძის ბაბუა, უფროსი ივიკო ჭელიძე.