ბენ უოლასი - ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე ვხვდებით საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მინისტრებს, ვართ 30 წევრი, თუმცა გვაქვს სიახლოვე ქვეყნებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს
ჩვენ ვხვდებით პირველ სესიაზე საქართველოს, უკრაინისა და ასევე სხვა ქვეყნების მინისტრებს, როგორიც არიან შვედეთი და ფინეთი. ეს არის ამ ალიანსის მთელი არსი. ვართ 30 წევრი, თუმცა ასევე, გვაქვს გავლენა და სიახლოვე იმ ქვეყნებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლასმა ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალთან დაკავშირებით.
უოლასის თქმით, უკრაინა ალყაშია რუსეთის აგრესიული შეიარაღებული ძალების მხრიდან. უკრაინელებს სურთ, შეუერთნენ ნატო-ს და ალიანსმა უნდა იფიქროს, რისი გაკეთება შეუძლია მათი მხარდაჭერისთვის.
„ჩვენთვის პრივილეგიაა, რომ ვართ ამ ალიანსის ნაწილი, რომელსაც მოაქვს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპისთვის და ჩრდილოეთ ატლანტიკისთვის. უნდა გვახსოვდეს, რამდენად იღბლიანები ვართ. ამავე დროს, არის ქვეყანა – უკრაინა, რომელიც ალყაშია რუსეთის აგრესიული შეიარაღებული ძალების მხრიდან. სწორედ ამიტომ, მათ სურთ, შეუერთნენ ამ ალიანსს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია კიდევ მათი მხარდაჭერისთვის. მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ ნატო არის ალიანსი, რომლისთვისაც ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს“, – განაცხადა ბენ უოლასმა.