უკრაინაში ომი 11 თვეა, გრძელდება. ომის შედეგებზე, განვითარების სავარაუდო სცენარებსა და შავი ზღვის რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოს პირველი არხი ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილ მეთაურს, გენერალ ბენ ჰოჯესს ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე დასავლეთის რეაგირებას დღეს და რა იყო ის მთავარი ცვლილებები, რაც ამ ომმა გლობალურად მოიტანა?
უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მსმენელს ახსოვდეს – რუსეთი უკრაინაში 2014 წელს შეიჭრა, შემდეგ 2022 წელს თებერვალში მოსკოვმა წამოიწყო ახალი მასირებული შეტევა, „სპეციალური საომარი ოპერაციის“ სახელწოდებით. თუმცა, კონტექსტში რომ ჩავსვათ, რვა წლის შემდეგ, როდესაც რუსეთს ჰქონდა ყველანაირი უპირატესობა, ის დღეს უკრაინის მხოლოდ 10-15 პროცენტს აკონტროლებს, რაც მოიცავს ყირიმსაც. ეს არის რუსეთის სისუსტის ნიშანი და ცხადყოფს, რომ მოსკოვი უკრაინის დასამარცხებლად საჭირო შესაძლებლობების დანაკლისს განიცდის. სწორედ ამიტომ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი. მჯერა, რომ უკრაინა გაათავისუფლებს ყირიმს. ეს წელს, ზაფხულის ბოლომდე მოხდება, კერძოდ, აგვისტოს ბოლოს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ომი არის ნებისა და ლოგისტიკის გამოცდა. უკრაინელ ხალხსა და სამხედროებს ნამდვილად აქვთ უდიდესი ნება და დასავლეთის დახმარებით მათი ლოგისტიკა ყოველდღიურად უკეთესი ხდება. ამიტომ, ჩემი ოპტიმიზმი, ცხადია, ეფუძნება დასკვნას, რომ დასავლეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ყველაფრით, რაც კიევს ესაჭიროება. ვისურვებდი, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას ცოტა მეტი გაეკეთებინა უკრაინის გამარჯვებისთვის, თუმცა ახლა ჩვენ ნამდვილად ვაწვდით უკრაინას ძალიან ბევრს, რაც მათ სჭირდებათ. ზოგადად, დასავლეთის საპასუხო ქმედებები იყო მტკიცე, როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის ნაბიჯები. აღსანიშნავია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. რუსეთი გადაიქცა გარიყულ სახელმწიფოდ, ვერც კი წარმომიდგენია, რომ პუტინს ან ლავროვს ოდესმე მიიწვევენ რომელიმე საერთაშორისო ღონისძიებაზე.
თუმცა, ჩვენ მაინც ვხედავთ მასობრივ სარაკეტო დარტყმებს. კიდევ არსებობს ბირთვული ომის საფრთხე, რადგან რუსეთი ამბობს, რომ მას შეუძლია კონფლიქტის ესკალაცია?
რუსეთის დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება. არ მინდა, ვიმარჩიელო, რამდენ ხანს შეძლებს კიდევ რუსეთი ასეთი დარტყმების მიტანას უკრაინის ტერიტორიაზე, რადგანაც ყოველთვის, როდესაც ვკითხულობ ექსპერტების მოსაზრებას, რომ რუსეთს მეტი რაკეტა აღარ დარჩა, აღმოჩნდება ხოლმე, რომ მათ რაღაც გზებით მაინც აქვთ რაკეტები. ეს რაკეტები საიდანღაც ხომ მოდის? და ასევე გარკვეული ეფექტი აქვს ირანის მიერ რუსეთისთვის მიწოდებულ დრონებსაც. მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, მაშინ, როდესაც რუსეთის დარტყმების რაოდენობა არ შემცირებულა, მათი ხარისხი და ეფექტურობა მცირდება. უკრაინის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდა. უკრაინა უკეთ იცავს ინფრასტრუქტურას და, სავარაუდოდ, ეს ასევე გახლავთ ნიშნები, რომ სანქციები მუშაობს. რუსეთს არ შეუძლია მაღალი სიზუსტის მქონე შეიარაღების ჩანაცვლება, რადგანაც, მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედი შეზღუდვების დამსახურებით, მოსკოვი ამ იარაღისთვის საჭირო კომპონენტების მიღებას ვერ ახერხებს. ჩემი აზრით, ომის ამ ეტაპზე რუსეთი ცდილობს, მიაყენოს რაც შეიძლება მეტი ტკივილი უკრაინელ ხალხს, რათა აიძულოს ისინი, ლტოლვილებად გაიხიზნონ ევროპაში და ასევე შეარყიოს უკრაინის ეკონომიკა და თავდაცვის ინდუსტრია. ეს არაა გამარჯვების მომტანი სტრატეგია, ამას არასდროს უმუშავია. დიახ, ცხადია, რომ ბირთვული კონფლიქტის საფრთხე კვლავაც არსებობს. რუსეთს აქვს ათასობით ერთეული ბირთვული იარაღი, პუტინს ნამდვილად არ ანაღვლებს, თუ რამდენი უდანაშაულო ადამიანი დაიხოცება, თუნდაც ეს მისი საკუთარი ხალხი იყოს. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება ნაკლებადაა მოსალოდნელი. შეიძლება, ვცდებოდე, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი – ნათელია, რომ რუსეთის გენშტაბშიც და კრემლშიც უმეტესობა აცნობიერებს პრეზიდენტ ბაიდენის მუქარის სერიოზულობას, რომ თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, რუსეთისთვის კატასტროფული შედეგი დადგება. კრემლში ბაიდენის სჯერათ და ასეც უნდა იყოს; მეორე – თუ დავუშვებთ, რომ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ეს რუსეთს ბრძოლის ველზე უპირატესობას არ მოუტანს. ეს ვერაფერს შეცვლის. ბირთვული იარაღის გამოყენება ვერ გაუჩენს რუსეთს ახალი იერიშის დაწყების შესაძლებლობას. რუსეთს არ ჰყავს ამისთვის საჭირო სამხედრო ძალა. რატომ უნდა გააკეთო ისეთი რამ, რაც უპირატესობას არ მოგცემს და კატასტროფული შედეგების წინაშე დაგაყენებს? ასევე ნათელია, რომ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა და ინდოეთის ლიდერმა, ნარენდრა მოდიმ, ასევე სხვა უცხოელმა ლიდერებმაც საჯაროდ თქვეს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება კარგი იდეა არ არის; და ბოლოს, პუტინის გარემოცვაში მყოფ ადამიანებს, ცხადია, აქვთ იმედი, რომ ცხოვრება პუტინის შემდეგაც იარსებებს და ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნების ნებისმიერი შანსი გაქარწყლდება, თუ ისინი პუტინს არ შეაჩერებენ. რუსეთის ბირთვული იარაღი ყველაზე ეფექტურად მუშაობს, თუ მას არ გამოიყენებ, რადგან დასავლეთში, ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ თავშეკავებას ამ იარაღის გამოყენების შიშის გამო. ჩემი აზრით, ეს გადაჭარბებული შიშია. თუ რუსეთი მაინც გამოიყენებს ამ იარაღს, მაშინ რუსეთისთვის ყველაფერი დასრულდება.
თქვენი აზრით, ევროპა საკმარისად ეხმარება უკრაინას? ჩვენ გვესმის განსხვავებული პოზიციები. მაგალითისთვის, უნგრეთი. ასევე, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებები, რომ, უკრაინასთან ერთად, უსაფრთხოების გარანტიები რუსეთსაც სჭირდება. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს ევროპა ერთიანია?
დიახ, ვიტყოდი, რომ ასეა. ცხადია, არის გამონაკლისები. უნგრეთი, რომელიც ნატო-სა და ევროკავშირის წევრია და რომელმაც ამ ორგანიზაციების წევრობისგან წლების განმავლობაში დიდი სარგებელი მიიღო, ახლა, როგორც ჩანს, საკუთარი გზით წასვლას ცდილობს, რასაც ისინი ერთ დღეს ინანებენ. თუმცა, უნგრეთი მხოლოდ ერთი სახელმწიფოა ნატო-ს 30 წევრს შორის. რაც შეეხება საფრანგეთს, ნამდვილად არაა სასარგებლო, როდესაც ემანუელ მაკრონის მსგავსი ლიდერები, მათ შორის აშშ-შიც, საუბრობენ მოლაპარაკებების აუცილებლობაზე, როდესაც ამბობენ, რომ უკრაინას არ შეუძლია რუსეთის დამარცხება. ეს არ არის მართალი და ამასთან ერთად, ასეთი განცხადებები ასაზრდოებს კრემლის ერთადერთ იმედს, რომ დასავლეთის ნება შესუსტდება და ის ზეწოლას მოახდენს კიევზე, რათა მოლაპარაკებებს დათანხმდეს. თუმცა, თუ ამას დროებით გვერდით გადავდებთ, საფრანგეთი შესანიშნავ აღჭურვილობას აწვდის უკრაინას. გერმანიაში, როგორც ჩანს, არსებობს ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთება ან თქმა სურთ. თუმცა, ვფიქრობ, გერმანელებს ჯერ კიდევ მოსწონთ სანდოობა, მოწინავე პოზიციაში ყოფნა, ამას სოციალ-დემოკრატები აფერხებენ. ვფიქრობ, ყველაფერი იცვლება, თუმცა ეს საკმარისად სწრაფად არ ხდება. დასკვნის სახით ვიტყვი, რომ დიახ, ევროპა ერთიანია, თუმცა ევროპა, ერთობლივად, ჯერ კიდევ ვერ აკეთებს საკმარისს უკრაინისთვის. ჯერ კიდევ არსებობს ბევრი სახელმწიფო, რომელიც საბრძოლო მასალების წარმოებას სერიოზულად არ უდგება, ან ჯერ კიდევ არ აწვდის უკრაინას კონკრეტულ აღჭურვილობას. აშშ-ის ზურგს უკან დამალვა და უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე უარის თქმის საბაბად იმის დასახლება, რომ ჯერ ეს აშშ-საც არ გაუკეთებია, არ არის ძლიერი ლიდერობის მაგალითი, რასაც ველოდებით. ფინეთი და შვედეთი, ასევე ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, პოლონეთი და რუმინეთიც, უფრო მეტად მოწინავე პოზიციაში არიან, ვიდრე დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების უმეტესობა.
როგორ შეცვალა ომმა პოლიტიკა აშშ-ში და ხომ არ შესუსტდება ვაშინგტონის მხრიდან მხარდაჭერა კონგრესის ქვედა პალატაში რესპუბლიკელების უმრავლესობით მოსვლის შემდეგ, რადგანაც ისინი ძალიან ბევრს საუბრობენ უკრაინისთვის გადაცემული დახმარების აუდიტის აუცილებლობაზე…
ჩვენ კვლავ ვიხილავთ უკრაინის მტკიცე და ორპარტიულ მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელებს ეყოლებათ უმრავლესობა, სენატს კვლავაც დემოკრატები გააკონტროლებენ. უკრაინის დახმარების თემა შუალედური არჩევნების დროს არც ისე აქტუალური გახლდათ. რამდენიმე ადამიანი საუბრობდა ამაზე, მაგრამ ეს პოლიტიკური საკითხი არ იყო. დარწმუნებული ვარ, რომ აშშ შეძლებს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას და მისცემს მაგალითს სხვა ქვეყნებს. ამერიკელების უმეტესობა აცნობიერებს, რომ ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ეკონომიკური ინტერესები უშაულოდაა დაკავშირებული ძლიერ და აყვავებულ ევროპასთან. თუ ევროპაში ხანძარია და დესტაბილიზაცია, მაშინ ეს აზიანებს აშშ-ის ეკონომიკურ ინტერესებს. ამას გარდა, აშშ-ს აქვს მორალური ინტერესი, რომ წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი იყოს დაცული. ადამიანების უფლებების დაცვა, საერთაშორისო კანონისა და სუვერენული საზღვრების პატივისცემა იმ სისტემის დამსახურებაა, რომლის ჩამოყალიბებასაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-მა შეუწყო ხელი. ჩვენს ინტერესებშია, რომ ეს წესრიგი დაცული იყოს. ეს გახლავთ კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ვფიქრობ, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი გაგრძელდება. დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ კონგრესმა დაამტკიცა კანონმდებლობა, რომელსაც ხელი მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა და რომელიც მთავრობას ავალდებულებს, შეიმუშავოს სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბევრი ადამიანი აშშ-ში და მათ შორის კონგრესშიც, სათანადოდ ვერ აფასებდა შავი ზღვის რეგიონს. ჩვენ უკრაინაზე, საქართველოსა და თურქეთზე ისე ვსაუბრობდით, თითქოს ეს სამი ქვეყანა კუნძული ყოფილიყო. არადა, ეს ქვეყნები უნდა აღვიქვათ, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის შემადგენელი ნაწილები ეკონომიკური ამოცანებისთვის, როგორც საყრდენი ირანისა და ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, როგორც ტერიტორია, სადაც ჩვენ უნდა შევაკავოთ რუსეთი აგრესიისგან. სწორედ ესაა მთავარი ცვლილება. როგორც იქნა, აშშ-ს ექნება სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისთვის, რომელიც წაახალისებს ეკონომიკურ განვითარებას, დიპლომატიურ ინიციატივებს და ასევე, სამხედრო უსაფრთხოებას.
როდესაც ვსაუბრობთ შავი ზღვის რეგიონზე, ასევე საინტერესო იქნება, მოვისმინოთ თქვენი შეხედულება ცენტრალური აზიის რეგიონის შესახებ, განსაკუთრებით, ეკონომიკური კუთხით. როგორ შეაფასებდით ე.წ. შუა დერეფნის მნიშვნელობას და თქვენი აზრით, შეძლებენ ცენტრალური აზიის რესპუბლიკები რუსეთის გავლენის დაძლევას?
უკვე ნათელია, რომ ცენტრალური აზიის ბევრი ლიდერი, სახელმწიფო და ბიზნესიც ცდილობს, დაეხსნას რუსეთს. ისინი აცნობიერებენ, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნას მათთვის სარგებელი არ მოაქვს. მილსადენები, ტელეკომუნიკაციები, სავაჭრო გზები, რომლებიც გვერდს აუვლიან რუსეთს, ესაა წინ მიმავალი გზა. სწორედ ამიტომ კავკასია კრიტიკულად მნიშვნელოვანია და აშშ, როგორც იქნა, უფრო მეტ ყურადღებას აქცევს კავკასიას სტრატეგიულ დონზე. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი ელჩი გვყავდა საქართველოში, მაგრამ მათ არასდროს ჰქონიათ უფრო ფართო, რეგიონზე გათვლილი სტრატეგიის მხარდაჭერა. ჩემი აზრით, ეს გამოსწორდება. როდესაც ვფიქრობ სამ დერეფანზე დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ვაცნობიერებ, რომ ერთი გადის რუსეთზე, მეორე – კავკასიაზე და მესამე – ირანზე. ადვილი გამოსაცნობია, თუ რომელი მათგანია სასურველი. ასე რომ, საქართველო და აზერბაიჯანი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ასევე, მნიშვნელოვანია შავ ზღვაში თავისუფალი ნაოსნობა და რომ რუსეთის ფლოტი არ იყოს დომინანტი შავ ზღვაში და არ შეაფერხოს ნაოსნობა. ასევე, აშშ-ს დასჭირდება ურთიერთობების გამოსწორება თურქეთთან. ეს ბევრ მუშაობას მოითხოვს. თურქეთს ეს ზუსტად ისე უნდა სურდეს, როგორც ჩვენ. თურქეთს აქვს რეალური შანსი, მიიღოს სარგებელი ამ გაუმჯობესებული დერეფნისგან, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს დააკავშირებს. სარგებელს მიიღებს მთელი მსოფლიო. მაგალითისთვის, გაცილებით მარტივი იქნება უკრაინიდან მარცვლეულის გადაზიდვა აფრიკაში, აზიასა და შუა აღმოსავლეთში. ამით მილიონობით ადამიანი ისარგებლებს. დაბოლოს, დღეს ბევრი საუბრობს რუსეთისა და ირანის სატრანსპორტო ქსელზე, რომლის შექმნაზეც მიმდინარეობს მუშაობა, რათა რუსეთმაც და ირანმაც თავი აარიდონ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს. ეს ქსელი ერთმანეთთან აკავშირებს შავ ზღვას, აზოვის ზღვას, მდინარეებს – დონსა და ვოლგას, კასპიის ზღვას, ქვემოთ – ირანსა და ინდოეთის ოკეანეს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სანქციებისა და საერთაშორისო კანონის დარღვევას სათანადო პასუხი მოჰყვეს და ეს საკითხიც გადაიჭრება.
რა სახის ცვლილებებს გამოიწვევს ომი თავად რუსეთში? ბევრი პროგნოზირებს რუსეთის დაშლას. ასეთ შემთხვევაში რა რისკებთან გვექნება საქმე?
უპირველეს ყოვლისა, მინდა, ვთქვა, რომ არასდროს ვუჭერ მხარს რეჟიმის ცვლილებას ან რაიმე ამდაგვარს. აშშ-ს რეჟიმების ცვლილების მცდელობაში ცუდი გამოცდილება აქვს. ის, რაც მოხდება რომელიმე ქვეყანაში, უნდა იყოს ორგანული და ეს უნდა იყოს ის, რაც ხალხს რეალურად სურს. თუმცა, მე მხარს ვუჭერ, რომ ჩვენ ვიყოთ ამისთვის მზად. ჩემი გადმოსახედიდან ჩანს, რომ რუსეთის ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაშია, რუსულ იარაღს უკვე აღარავინ იყიდის, სანქციებმა დააზიანა რუსეთის სამხედრო ინდუსტრია. ევროპა ცდილობს, დაეხსნას რუსულ ბუნებრივ აირს. ჩემი აზრით, რუსეთის შიგნითაც ამბოხის მსგავსი სიტუაციაა, რაც არ არის ჯანსაღი. ასევე, არსებობს მტკიცებულებები, რომ რუსეთში ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ კადიროვს, ჩეჩენ ლიდერს ჰყავს საკმაოდ დიდი შეიარაღებული ძალები, რომლებიც უკრაინაში არ გააგზავნეს. ჩვენ ვერ ვხედავთ ინფორმაციას ბევრი მოკლული ჩეჩენის შესახებ. ვფიქრობ, კადიროვი ცდილობს, გაუფრთხილდეს თავის სამხედროებს და ამას საკუთარი მიზნებისთვის აკეთებს – მას სურს, გამოჩნდეს ან პუტინის მხსნელად, ან შემცვლელად. ასევე, პრიგოჟინი, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი ათასობით რუსი მამაკაცის სიკვდილზე, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ბრძოლაში სათანადო სამხედრო სწავლების გავლის, აღჭურვილობისა და მეთაურების გარეშე ჩააბეს. დაბოლოს, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ. მასაც აქვს საკუთარი სამხედრო კომპანია. ყველა ეს ძალა არ ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ რუსეთს აქვს ერთიანი, თანმიმდევრული თავდაცვის გეგმა ან სტრუქტურა. ვფიქრობ, დადგება მომენტი, როდესაც ის დაიწყებს დაშლას. და უფრო პატარა სახელმწიფოები, რომლებიც დღეს რუსეთის ფედერაციის შემადგნელობაში შედიან, სამხრეთსა და აღმოსავლეთში, დაინახავენ რუსეთიდან გამოყოფის შესაძლებლობას. ცხადია, საფრთხეს წარმოადგენს ბირთვული იარაღი. თუ რა ბედი ეწევა მას, ასევე რა ბედი ელის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის ბირთვულს. ასევე, მნიშვნელოვანია ის ათობით ათასი მილიარდი ევრო, დოლარი თუ რუბლი, რომლებიც სხვადასხვა ადგილას ინახება. ეს ფული უნდა იყოს გამოყენებული რუსეთის აღსადგენად, მაგრამ ამის ნაცვლად ვნახავთ ოლიგარქებს, რომლებიც ამზადებენ სხვაგან გასაქცევ სტრატეგიას. დაბოლოს, ჩვენ ვიხილავთ ომის დანაშაულებს. ბევრი ადამიანის წინააღმდეგ, რომელთაც ახლა რუსეთში კარგად იცნობენ, გამოძიება უკვე დაწყებულია. ბევრ მათგანს, და მათ შორის პუტინს, ომის დანაშაულისთვის გაასამართლებენ და ეს ასეც უნდა იყოს. ეს ხდება ყოველდღე ჩვენს თვალწინ, რასაც ისინი უდანაშაულო ადამიანებს უკეთებენ. ასე რომ, ეს იქნება ერთ-ერთი შედეგი.
დავუბრუნდეთ ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციას. საინტერესოა თქვენი მოსაზრების მოსმენა. შეუძლია უკრაინას რუსეთის დამარცხება 2023 წელს და სად გაიმართება ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლები? თქვენ ალბათ გაეცანით უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ინტერვიუს „ეკონომისტთან“. რა სახის შეიარაღება სჭირდება დღეს უკრაინას ყველაზე მეტად რუსეთის დასამარცხებლად?
გენერალი ზალუჟნი საოცარი სამხედრო მოსამსახურე და ლიდერია. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უკრაინის გენერალური შტაბის მოქმედებებმა ბოლო 11 თვის განმავლობაში. ისინი პროფესიონალები, მეთოდურები არიან. მათ მისცეს ახალგაზრდა მეთაურებს შესაძლებლობების გამოყენების საშუალება. ვფიქრობ, მათ შესანიშნავი სამუშაო შეასრულეს და ტყუილუბრალოდ არავის სიცოცხლე არ გასწირეს. მათ ჯარისკაცებს მისცეს საუკეთესო შანსი, წარმატებისთვის მიეღწიათ საშინელ, სახიფათო ბრძოლის ველზე. გენერალი ზალუჟნი ინტერვიუში ხაზს უსვამს რუსეთის შეტევის შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება, ბელარუსიდან ან ბელგოროდიდან დაიწყოს. ცხადია, რომ რუსებს ამის გაკეთება სურთ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ შეტევისთვის პირობებს ამზადებენ. თუმცა, ამ ეტაპზე არ ჩანს, რომ მათ ამის შესაძლებლობა აქვთ. ასევე ნათელია, რომ რუსეთს სურს, ჩვენ, ყველამ, და უკრაინამაც ყურადღება ჩრდილოეთით გადავიტანოთ, შორს დონეცკიდან და ყველაზე მნიშვნელოვანი საბრძოლო ველიდან, რომელსაც წარმოადგენს ყირიმი. ყირიმი არის გადამწყვეტი ტერიტორია. როგორც კი უკრაინა გაათავისუფლებს ყირიმს, რაც, ჩემი პროგნოზით, აგვისტოს ბოლოს მოხდება, ეს დასაბამს დაუდებს მოვლენათა ჯაჭვს და დონბასიც ძალიან მალე გათავისუფლდება. უკრაინა ვერასდროს იქნება უსაფრთხოდ და ვერასდროს აღადგენს ეკონომიკას, ვიდრე რუსეთი ყირიმზე კონტროლს ინარჩუნებს. სწორედ ამიტომაც უკრაინელები არ გაჩერდებიან. ყირიმი ხაფანგია რუსეთისთვის. თუ რუკას შევხედავთ, ვნახავთ, რომ ყირიმში მხოლოდ ორი გზა მიდის. ერთი გადის ქერჩის ხიდზე, რომელიც უკვე მძიმედ დააზიანეს და დარწმუნებული ვარ, რომ მას ისევ დაარტყამენ. მეორე გზა, ე.წ. სახმელეთო ხიდი, მიდის როსტოვიდან მარიუპოლის გავლით მელიტოპოლში და შემდეგ – ყირიმში. სულ ესაა. უკრაინელები უკვე ურტყამენ სამიზნეებს მელიტოპოლსა და მის გარშემო. მომდევნო ორ თვეში ჩვენ ვიხილავთ უფრო მეტ დარტყმას რუსეთის ლოგისტიკაზე, სატრანსპორტო კვანძებსა და სამეთაურო პუნქტებზე, რაც რუსეთის ყირიმში დარჩენას გაართულებს.
რა არის მინიმალური საჭიროება, რაც უნდა შესრულდეს, რომ რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე და როგორია თქვენი მოლოდინი, ხომ არ ვდგავართ ახალი ბუდაპეშტის მემორანდუმის გაფორმების გზაზე?
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ცხადი გახადა, რომ მოლაპარაკების დასაწყებად მინიმალური მოთხოვნა არის უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენა, ათობით ათასი უკრაინელის დაბრუნება, რომლებიც გაიტაცეს, მოხდა მათი დეპორტაცია რუსეთში და ომის დანაშაულების სასამართლო პროცესი. ეს უნდა იყოს მინიმალური მოთხოვნა. მე არ ვფიქრობ, რომ ვინმეს უკრაინაში ექნება რაიმე სახის ნდომა ისეთი შეთანხმების მიმართ, რომელიც ბუდაპეშტის მემორანდუმს ჰგავს. მათ ნახეს, რომ აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ, ისევე როგორც რუსეთმა, არ დაიცვეს ვალდებულებები. ამის ნაცვლად, უკრაინელებს სჭირდებათ რაიმე სახის უსაფრთხოების გარანტია საშუალოვადიან პერსპექტივაში, ისევე როგორც ღია კარი ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ. დასკვნის სახით, მე ვერც კი წარმოვიდგენ, რომ უკრაინა დათანხმდება ისეთ მოლაპარაკებებს, რომლებიც რუსეთს მისცემს საშუალებას, შეინარჩუნოს ყირიმი. ერთი შესაძლო გამონაკლისით, თუ იქნება შეთანხმებული რუსეთის ფლოტის ეტაპობრივი გასვლა სევასტოპოლიდან, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი არ მგონია, რომ ვინმე რუსეთს ენდოს.
შეიძლება ომი დასრულდეს 2023 წელს?
დიახ, რა თქმა უნდა. ომი შეიძლება დასრულდეს დღესვე. ერთ ადამიანს შეუძლია, დღესვე დაასრულოს ომი. მან უნდა თქვას: „ჩვენ მივდივართ, ჩვენ შევწყვეტთ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას და დავიცავთ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას“. არავინ მოელის პუტინისგან ამის თქმას ან გაკეთებას, მაგრამ მას ეს შეუძლია. ის არის ერთადერთი, ვინც პასუხისმგებელია ომზე და არავინ სხვა. მე არ ველოდები, რომ ის ომს შეწყვეტს, ამიტომ ის უნდა დამარცხდეს ბრძოლის ველზე და მჯერა, რომ ეს მოხდება 2023 წელს.