ბელინგემი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, ვისაც ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია #1TVSPORT
ბელინგემი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, ვისაც ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა ხორვატიასთან მატჩის 82-ე წუთზე ჰარი კეინის ნაცვლად მოედანზე ნახევარმცველი ჯუდ ბელინგჰემი შეუშვა, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია.

ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე – ჯუდ ბელინგემი (17 წელი და 349 დღე)

„დორტმუნდის“ ნახევარმცველმა ნიდერლანდელ იეტრო ვილემსს (18 წელი და 71 დღე) აჯობა, რომელმაც ევროზე 2012 წელს ითამაშა. მანამდე რეკორდი ბელგიის სახელით მოთამაშე იტალიელ ვუნდერკინდს, ენცო შიფოს ეკუთვნოდა, რომელსაც რეკორდი 1984 წლიდან ეკუთვნოდა.

ყველაზე ახალგაზრდა მეკარე – ხოსე ანხელ ირიბარი (21 წელი და 108 დღე)

 

ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე ახალგაზრდა მეკარე ირიბარია. მან 1964 წლის 17 ივნისს უნგრეთთან ესპანეთის შემადგენლობაში (2:1) ითამაშა. ოთხი დღის შემდეგ, ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მეკარე, რომელმაც მოიგო ევროპის ჩემპიონატი, როდესაც მისმა გუნდმა სსრკ 2:1 დაამარცხა.

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც გაიტანა – იოჰან ფონლანთენი (18 წელი და 141 დღე)

იოჰან ფონლანთენი კოლუმბიაში დაბადებული შვეიცარიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია. ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებზე გატანა შეძლო. მან ევრო 2004-ზე გოლი საფრანგეთის ნაკრების კარში 18 წლისამ და 141 დღისამ გაიტანა და გააუმჯობესა რეკორდი, რომელიც სულ რაღაც ოთხი დღით ადრე უეინ რუნიმ დაამყარა.

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ფინალში ითამაშა – რენატო სანჩესი (18 წელი და 328 დღე)

რენატო სანჩესმა საფეხბურთო კარიერა დაიწყო „ბენფიკაში“. პირველივე სეზონში მოიგო პორტუგალიის პრემიერა ლიგა და პორტუგალიის თასი. შემდეგ გადავიდა მიუნხენის „ბაიერნში“ 35 მილიონად, ახლა „ლილის“ თავდამსხმელია. რენატო სანჩესის დებიუტი საერთაშორისო დონეზე 2016 წლის მარტში შედგა, როცა იგი 18 წლის იყო. გუნდის შემადგენლობაში იყო ევრო 2016-ზეც, სადაც იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ოდესმე პორტუგალიის შემადგენლობაში ოფიციალურ მატჩში უთამაშია. აღნიშნულ ჩემპიონატზე პორტუგალია პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი, ხოლო რენატომ გაიტანა ერთი გოლი და ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო მიიღო.

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ფინალში გაიტანა – პიეტრო ანასტაზი (20 წელი და 63 დღე)

1968 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში, რომელიც რომში გაიმართა, იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა ანასტაზიმ იუგოსლავიასთან მეორე გოლი გაიტანა და გუნდის უპირატესობა გაზარდა. ამის შედეგად, ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა თავდამსხმელი, ვისაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაუტანია. ის მაშინ ცნობილი იყო, როგორც მსოფლიოში ყველაზე ღირებული მოთამაშე, როდესაც 1968 წელს „ვარეზედან“ „იუვენტუსს“ შეუერთდა.