ბელგრადში საქართველო-სერბეთის ბიზნეს ფორუმი გაიხსნა
ბელგრადში საქართველო-სერბეთის ბიზნეს ფორუმი გაიხსნა

ბელგრადში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმი გაიხსნა.

„გამოვიყენოთ ეს ფორუმი, როგორც პირველი სერიოზული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის კომერციული საქმიანობის წასახალისებლად. სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის წელს დაგეგმილი საინაუგურაციო სხდომა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება ეკონომიკის სხვადასხვა დარგში თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველო-სერბეთის ბიზნეს ფორუმის გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს, როგორც საიმედო სატრანზიტო პარტნიორისა და სატრანსპორტო სფეროს საკვანძო სუბიექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიზანი ჩვენი ქვეყნის, როგორც ლოგისტიკური ცენტრისა და რეგიონში კომერციული საქმიანობის ცენტრის გაძლიერებაა.

ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს ჩვენს ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობები გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ძირითადი პრიორიტეტი ადგილობრივი და უცხოური ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობაა. სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ტურიზმზე, როგორც საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდ დარგზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანასა და სერბეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით, დიდი აუთვისებელი პოტენციალი არსებობს.

მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლა ხელს უწყობს ხალხთაშორისი და ბიზნესებს შორის კავშირსა ყველა დარგობრივ განზომილებაში თანამშრომლობას.

საქართველო-სერბეთის ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს მასპინძელი ქვეყნის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საკითხთა მინისტრმა, ზორან დორდევიჩმა, ენერგეტიკისა და სამთო მრეწველობის მინისტრმა, ალექსანდრ ანტიჩმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სერბეთის რესპუბლიკაში, იოსებ ნანობაშვილმა.

დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარემ სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულს, დრაგან შაგოვნოვიჩს საკონსულო პატენტი გადასცა.

ბიზნეს ფორუმის გახსნაზე სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ და სერბეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ღონისძიებას სერბეთის ბიზნეს განვითარების სააგენტოსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.