ბელგიური გამოცემა გიორგი მიქაუტაძეზე - ის „სერენის“ სერიალის გმირია #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ სეზონი მაჟორულად დაასრულა. „სერენის“ ქართველი თავდამსხმელი ბელგიის პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (21 მატჩში 19 გოლი), შემდეგ კი ბელგიის ჯუპილერ ლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის ორ მატჩში „ვასლანდ-ბევერენთან“ 3 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა და „სერენი“ ბელგიის მთავარ ლიგაში 25-წლიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა.
ამ შეხვედრით გიორგი მიქაუტაძე „სერენს“ დაემშვიდობა, საფრანგეთის ლიგა 1-ის „მეცს“ დაუბრუნდება და მომავალ სეზონს მთავარ ფრანგულ ლიგაში ჩაატარებს. ბელგიურმა გამოცემა „ვალფუტბალმა“ საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელს, რომელიც ბელგიის პირველი ლიგის აღმოჩენა გახდა, წერილი მიუძღვნა.
„გიორგი მიქაუტაძე, „სერენის“ სერიალის გმირი – სიტყვები არ მყოფნის, ეს ფანტასტიკაა
„სერენის“ ბომბარდი აღფრთოვანებული და ბედნიერი იყო დიდი გამარჯვების შემდეგ, რამაც გუნდს ბელგიის მთავარ ლიგაში დაბრუნების საშუალება მისცა.
პირველ დივიზიონში „სერენის“ მიერ დაკავებული მეორე ადგილის ერთ-ერთი დიდი არქიტექტორი გიორგი მიქაუტაძე იყო და პლეი ოფშიც გაიტანა: პირველ შეხვედრაში იმედის გოლი ჩაიწერა, განმეორებით მატჩში კიდევ ორი გოლი დაამატა და „სერენს“ მთავარ დივიზიონში დაწინაურებაში დაეხმარა.
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელი შეხვედრის შემდეგ ცაში დაფრინავდა: „სიტყვები არ მყოფნის იმის სათქმელად, რასაც ახლა ვგრძნობ, ეს ჩემს კარიერაში განსაკუთრებული მოვლენაა. მე ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ”.
მან სეზონში 22 გოლი გაიტანა (19 ჩემპიონატში, 3 პლეი ოფში), მაგრამ გიორგი მიქაუტაძეს მიაჩნია, რომ ეს არა მხოლოდ მისი, არამედ „სერენის“ დამსახურებაა, რომელმაც სასურველ მიზანს ერთსულოვნებით მიაღწია: „დასრულებულ სეზონში ჩვენი მთავარი ძალა ერთიანობა იყო. ჩვენ ლიგაში მეორე ადგილი მოვიპოვეთ და „ვაასლან-ბევერენის“ წინააღმდეგ, ჩვენი შანსი გამოყენება შევძელით. ბელგიის მთავარ ლიგაში გადავედით – ეს ფანტასტიკაა“.