ბელგიური გამოცემა ჩაკვეტაძის ოპერაციაზე - ქართველი მარგალიტის ტრავმა „გენტისთვის“ კატასტროფაა
კატასტროფა „გენტისთვის“ – გიორგი ჩაკვეტაძე დიდი ხნით დაისვენებს, – ასე გამოეხმაურა ბელგიური გამოცემა walfoot.be გიორგი ჩაკვეტაძის ოპერაციას.
საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ შემტევ ნახევარმცველს მარჯვენა მუხლი დაუზიანდა და 2 მაისს, ანტვერპენში ოპერაცია გაიკეთა.
„ქართველი მარგალიტი „გენტს“ რამდენიმე თვე დააკლდება. რამდენიმე კვირაა, გიორგი ჩაკვეტაძეს მუხლი აწუხებდა. „ანდერლეხტთან“ თამაშამდე ქართველი გარემარბი ფეხშეხვეული თამაშობდა. მას შემდეგ ქართველს არ უთამაშია“, – წერს walfoot.be.
ბელგიური გამოცემის ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ჩაკვეტაძის ტრავმამ სატრანსფერო გეგმები შეცვალა. „ოპერაციამ კარგად კი ჩაიარა, მაგრამ ჩაკვეტაძე დიდი ხანი ვერ ითამაშებს. ქართველს ექვსი თვით დასვენება მოუწევს. ეს დიდი დარტყმაა სწრაფად მზარდი 19 წლის ფეხბურთელისა და მისით დაინტერესებული ბევრი ევროპული კლუბისთვის“, – აღნიშნავს გამოცემა.