ბელგიური გამოცემა - ბერიძისა და ქვილითაიას გაშვებით, „გენტმა“ დიდი შეცდომა დაუშვა #1TVSPORT
გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ბერიძის გაშვება „გენტის“ დიდი შეცდომა იყო, – ამის შესახებ ბელგიური გამოცემა „ვოეტბალნიესი“ წერს. წერილის ავტორი მიიჩნევს, რომ გუნდის შედეგიანობის შემცირება სწორედ მათ წასვლას უკავშირდება.
გასულ სეზონზე „გენტმა“ ჟუპილერლიგაში 29 მატჩში 59 გოლი გაიტანა, რაც ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. წელს კი 31 მატჩში მეტოქეთა კარი მხოლოდ 43-ჯერ აიღო. გამოცემის ცნობით, მიზეზი ისაა, რომ გუნდმა სეზონის დაწყებამდე სამ შედეგიან მოთამაშეს იჯარით ან მუდმივად წასვლის უფლება მისცა, მათ შორის კი ორი ქართველია – უნგრულ „უიპეშტში“ გადასული გიორგი ბერიძე და „ანორთოსისში“ განათხოვრებული გიორგი ქვილითაია.
„გიორგი ბერიძის ტრანსფერი გუნდს 2015-2020 წლებში ეკუთვნოდა, მაგრამ მხოლოდ ორი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. 23 წლის ფეხბურთელი იჯარით სამ სხვადასხვა გუნდში გაუშვეს და ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ტოვებდა. სლოვაკეთის „ტრენჩინში“ 12 გოლით და 15 საგოლე გადაცემით წლის მოთამაშეც კი გახდა. შემდეგ იყო უნგრული „უიპეშტი“ (5 გოლი და 6 საგოლე პასი) და „ლოკერენი“ (7 გოლი და 1 საგოლე პასი). გასულ სეზონზე ბერიძე ბელგიის პირველი დივიზიონის ბომბარდირებში მეოთხე ადგილზე გავიდა – საშუალოდ 0.33 გოლით მატჩში. შესანიშნავი სეზონების მიუხედავად, ბერიძეს „გენტში“ შანსი არ ჰქონია. კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ვადაგასული კონტრაქტი არ გაეხანგრძლივებინა და ქართველი დაბრუნდა „უიპეშტში“, სადაც ახალ სეზონზე კვლავ კარგად თამაშობს“, – წერს ბელგიური გამოცემა.
გიორგი ქვილითაიას შესახებ კი „ვოეტბალნიესი“ წერს: „ქვილითაიამ „გენტში“ 46 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ამის მიუხედავად, ის შეუცვლელი მოთამაშე არ გამხდარა. ქვილითია 2018 წელს „გენტმა“ ვენის „რაპიდიდან“ სამი მილიონი ევროს საფასურად დაიმატა და ძვირადღირებული იყო. სათამაშო პრაქტიკისა და შანსის ნაკლებობის გარდა, თავის გამოვლენაში ხელი ტრავმებმაც შეუშალა. 2020 წლის სექტემბრიდან ქართველი იჯარით „ანორთოსისში“ გადავიდა, სადაც გოლის გატანის შეგრძნება აშკარად დაიბრუნა – 26 მატჩში უკვე 14 გოლი გაიტანა. შემდეგ სეზონზე მეორე შანსი არ მიეცემა?“