ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნათელია, რომ არის ძლიერი სურვილი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მნიშვნელოვანია, განვიხილოთ პროგრესი, ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება, უფრო დაგეხმაროთ
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნათელია, რომ არის ძლიერი სურვილი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მნიშვნელოვანია, განვიხილოთ პროგრესი, ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება, უფრო დაგეხმაროთ

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, აჯა ლაბიბის განცხადებით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართულმა შეხვედრებმა აჩვენა ძლიერი და გულწრფელი სურვილი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

აჯა ლაბიბის თქმით, საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზანია, იმსჯელონ, როგორ შეიძლება, უფრო დაეხმარონ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

„ძალიან ვრცელი და მნიშვნელოვანი ვიზიტია. იმ შეხვედრებიდან, რაც უკვე გავმართე, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სახალხო დამცველის აპარატში, ნათელია, რომ არის ძლიერი და გულწრფელი სურვილი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. შესაბამისად, ამ სურვილის რეალიზება უნდა მოხდეს ევროკომისიის ანგარიშის საფუძველზე და იმ გადაწყვეტილებით, რომელიც 30 დეკემბერს გამოქვეყნდება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქ ვიყოთ, განვიხილოთ შესაძლებლობები, პროგრესი, ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო დავეხმაროთ ქვეყანას. ესაა ჩემი დღეს აქ ყოფნის მიზანი, პირველ რიგში, როგორც ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, ასევე, როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის როლში. თქვენ იხილეთ დღეს რუსეთის განცხადებები, რაც შემთხვევითი არ არის, შესაბამისად, ეს ვიზიტი დროულია. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კავშირები, გავაძლიეროთ გაწევრიანების სურვილი, რომელიც გაცხადებულია. ჩვენ უნდა მოვისმინოთ ეს და როდესაც დავბრუნდებით ბრიუსელში, გავაჟღეროთ ამის შესახებ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამ რეგიონის გეოსტრატეგიული სიმყიფე, სადაც ათწლეულების განმავლობაში საზღვრები არ არის აღიარებული. ევროკავშირი მონაწილეობს რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაში და ბელგია ჩართულია ამ პროცესში“, – განაცხადა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში იმყოფებოდა.