ბელგიის პროკურატურა იძიებს ყოფილი პრემიერის, გი ვერჰოფშტადტის საქმეს, რომელიც მისი ევროპარლამენტარობის პერიოდში სტაჟიორების ზედამხედველობას ეხება

22:49, 05.10.2026

ბელგიის ფედერალური პროკურატურა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გი ვერჰოფშტადტის საქმეს იძიებს. გამოძიება ევროპარლამენტის სტაჟიორების ზედამხედველობას ეხება იმ პერიოდში, როცა ის პარლამენტში ლიბერალურ ფრაქციას ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს. 

გამოძიება 2009-2019 წლებს მოიცავს, როცა ვერჰოფშტადტი ევროპარლამენტში ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის ხელმძღვანელი იყო. 2019 წლის არჩევნების შემდეგ ამ ფრაქციის ადგილი Renew Europe-მა დაიკავა. „პოლიტიკოს“ წყაროს თქმით, გამოძიება თავდაპირველად ევროკავშირის თაღლითობის საწინააღმდეგო ოფისმა (OLAF) და ევროპის პროკურატურამ (EPPO) დაიწყეს, ახლა კი მას ბელგიის ხელისუფლება ევროკავშირის ამ ორგანოების სახელით აწარმოებს.

ვერჰოფშტადტის ადვოკატების განცხადებით, თაღლითობის საწინააღმდეგო  ოფისმა მხოლოდ ინფორმაცია გამოითხოვა რამდენიმე სტაჟიორის ზედამხედველობის შესახებ. ადვოკატები ამბობენ,  რომ ექსპრემიერი ჯერ არ დაუკითხავთ და მის წინააღმდეგ კონკრეტული ბრალდებები არ არსებობს.

ვერჰოფშტადტი ბელგიის პრემიერ-მინისტრი 1999-2008 წლებში იყო, ხოლო ევროპარლამენტის წევრი 2009-2024 წლებში. ის ბრექსიტის მოლაპარაკებებში ევროპარლამენტს წარმოადგენდა. ამჟამად ევროპული მოძრაობის საერთაშორისო ორგანიზაციის  დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტია.

მსგავსი