ბელგიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა - ზამთრის ცივი თვეების წინ ბელგია უკრაინას ახალ ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას გამოუყოფს 
ბელგიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა - ზამთრის ცივი თვეების წინ ბელგია უკრაინას ახალ ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას გამოუყოფს 

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრო კიევში ვიზიტით იმყოფება. ის უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს მართავს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მივესალმები უკრაინაში ბელგიის პრემიერ-მინისტრს, ალექსანდერ დე კროს. ვიწყებთ მოლაპარაკებებს. დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებები ორივე ქვეყნისთვის შინაარსიანი და სასარგებლო იქნება“, – აღნიშნავს ზელენსკი.

ამასთან, როგორც თავად ბელგიის პრემიერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ბელგია უკრაინას დამატებით ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას გადასცემს.

„ჩამოვედი კიევში. ბოლო დღეებში მასიური დაბომბვების შემდეგ ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე. ზამთრის ცივი თვეების წინ ბელგია უკრაინას გამოუყოფს ახალ ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას“, – წერს ალექსანდერ დე კრო.