ბელგიის მთავრობა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო შეზღუდვების შემსუბუქებას 9 ივნისიდან გეგმავს
ბელგიის მთავრობა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო შეზღუდვების შემსუბუქებას 9 ივნისიდან გეგმავს

ბელგიის მთავრობა „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ზომების შემსუბუქებას 9 ივნისიდან გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, მუშაობას განაახლებს რესტორნები, თუმცა მაგიდებს შორის დისტანცია აუცილებლად ერთი მეტრი უნდა იყოს. რესტორნების შიდა სივრცეები დილის 08:00 საათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს, გარე სივრცეები კი 23:00 საათამდე.

გაიხსნება საკონცერტო დარბაზები. ამასთან, დარბაზებში მხოლოდ 200 ადამიანის თავშეყრა იქნება დასაშვები და აუცილებელ პირობად რჩება პირბადის ტარება. ასევე შესაძლებელი იქნება ღონისძიებების ჩატარება ღია ცის ქვეშ, თუმცა დამსწრეთა რაოდენობა 400-ს არ უნდა აჭარბებდეს.

ზომების შემსუბუქების მეორე ეტაპი 25 ივნისს დაიწყება და როგორც ბელგიის მთავრობაში აცხადებენ, ის დამოკიდებული იქნება ვაქცინაციის პროცესზე.

ბელგიის მთავრობა ვარაუდობს, რომ პირველი სექტემბრისთვის მოსახლეობის 70 პროცენტი იქნება აცრილი, რის შემდეგაც, პრაქტიკულად ყველა შეზღუდვის მოხსნა გახდება შესაძლებელი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ბელგიაში „კოვიდ-19“-ის 1 107 876 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 24 853 ადამიანი.