ბელგია საკარანტინო ზომებს ამკაცრებს. ორშაბათიდან ქვეყნის მასშტაბით ყველა ის ბიზნესობიექტი დაიხურება, რომელიც პირველადი მოხმარების სერვისს ან პროდუქციის რეალიზაციას არ ეწევა. ახალი შეზღუდვები ძალაში თვენახევრის განმავლობაში იქნება.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კრუს განცხადებით, ეს არის ბოლო შესაძლებლობა, თუკი ქვეყანას „სურს, რომ ციფრები ქვემოთ ჩამოვიდეს“.
ახალი ზომებით, ერთ ადამიანამდე იზღუდება ოჯახში სტუმრად მისულთა ოდენობა, რეკომენდაციაა გაცემული სახლიდან დისტანციურ მუშაობაზე და სასკოლო არდადეგები 15 ნოემბრამდე ხანგრძლივდება. ახალი რეგულაციების მიხედვით, მუშაობას განაგრძობენ ქარხნები.
ბელგია, რომლის მოსახლეობა 11.5 მილიონს შეადგენს, მსოფლიოში პირველ ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით. დღეისთვის ჰოსპიტალიზებულია 6 187 პაციენტი, მათ შორის 1 057 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ქვეყანაში ბოლო ერთ კვირაში 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ყოველდღიურად ინფიცირებულთა ოდენობა 15 ათასს აჭარბებს. სულ კი, ქვეყნის მასშტაბით აღრიცხულია 392 ათასზე მეტი შემთხვევა.