ბელგია: სოციალურ დახმარებას უფრო მეტი ადამიანი იღებს, ვიდრე უმუშევრობის შემწეობას – „ამას დამცირებად და უსამართლობად აღვიქვამ“
საილუსტრაციო ფოტო
მიშელი 58 წლისაა. მან სამსახური 4 წლის წინ დაკარგა და იმ დროიდან მოყოლებული, ახალ სამუშაოს ეძებს, მაგრამ არსად იღებენ. ის ადრე ტრანსნაციონალური კომპანიის კომუნიკაციების დირექტორი იყო, ახლა სოციალური დახმარების საჯარო ცენტრის (CPAS) ბენეფიციარია: „ბოლოს, ხელფასი საკმაოდ მაღალი მქონდა – დაახლოებით 3000 ევრო. უმუშევრობის შემწეობა, რომელსაც თავდაპირველად ვიღებდი, 1900 ევროს შეადგენდა. ახლა კი CPAS-ის მიერ გაცემული სოციალური ინტეგრაციის შემწეობა (RIS) 1 200 ევროს ოდნავ აღემატება“, – ამბობს მიშელი.
ინტერვიუს მიცემას ის სახის დაფარვისა და და გამოგონილი სახელის პირობით დათანხმდა. ტელეჩანაწერში მისი ხმაც შეცვლილია. მიშელს უჭირს ახალ სტატუსთან შეგუება: „ამას დამცირებად და უსამართლობად მივიჩნევ. როდესაც იქიდან (CPAS-დან) დავბრუნდი, ვიტირე. განადგურებული ვიყავი“.
ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემებით, გასული წლის აპრილში, ბელგიის სოციალური ინტეგრაციის სახელმწიფო სამსახური სოციალური ინტეგრაციის შემწეობის (RIS) მიმღებ თითქმის 210,000 ბენეფიციარს ითვლიდა, მაშინ როდესაც 2025 წლის დასაწყისში მათი რაოდენობა „მხოლოდ“ 170 000 იყო. რაც შეეხება უმუშევრობის შემწეობის მიმღებთა რაოდენობას, 2025 წლის დასაწყისში ის 300 000-ს შეადგენდა, იმავე წლის ივლისისთვის კი 170 000-მდე შემცირდა. ერთი წლის განმავლობაში უმუშევრობის შემწეობის მიღების მაქსიმალური ვადის ორ წლამდე შეზღუდვის შედეგად, 133 000 ადამიანი ამ დახმარების მიღების უფლების გარეშე დარჩა. მათგან ნახევარი ახლა უკვე სოციალური დახმარების ცენტრის (CPAS) დახმარებით სარგებლობს. შედეგად, ორი მაჩვენებელი, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინ ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, ერთმანეთს ჯერ გაუტოლდა, შემდეგ კი საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. მოკლედ, როგორც გაზეთმა De Standaard-მა კვირის დასაწყისში განმარტა, ბელგიაში ახლა სოციალური ინტეგრაციის შემწეობის (RIS) ბენეფიციარი უფრო მეტია, ვიდრე უმუშევრობის შემწეობის მიმღები.
უმუშევრობასთან ბრძოლის მიზნით გატარებული ამ რეფორმის შედეგად, CPAS-ის ცენტრები კიდევ უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცნენ.
ბრიუსელის რეგიონში შემავალი მოლენბეკის მუნიციპალიტეტის CPAS-ის ცენტრი თვეში 500-დან 700-მდე ახალ განაცხადს არეგისტრირებს. სოციალური სამსახურის უფროსი თანამშრომელი, მარიკე ბაშელი იმ სირთულეებსა და დაბნეულობაზე საუბრობს, რომლებსაც როგორც თანამშრომლები, ისე მოქალაქეები აწყდებიან: „ყველაზე დიდ სტრესს ეს მისაღებში მომუშავე კოლეგებსა და მოქალაქეთა მომსახურებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებზე ახდენს, რადგან დახმარების მიღების მსურველებთან კონტაქტში პირველები ისინი შედიან. ისინი მოქალაქეებისგან გარკვეული დოკუმენტების წარდგენას ითხოვენ, ზოგჯერ კი მათ საცხოვრებელ ადგილზე მისვლაც ხდება საჭირო – ეს ისეთი პროცედურებია, რომლებიც დახმარების მთხოვნელ პირებს აქამდე არასდროს გაუვლიათ. ზოგიერთი მათგანი აგრესიას ავლენს და გვადანაშაულებს, თითქოს განზრახ ვუქმნით დაბრკოლებებს“.
CPAS-ის მოლენბეკის ცენტრს რეორგანიზაცია დასჭირდა, რათა ყველაზე გადაუდებელი საჭიროებების მქონე პირების მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა: „იძულებულნი გავხდით მთელი რიგი მიმართულებები, მაგალითად, საბინაო განყოფილება, შეგვეჩერებინა, რათა იმ ჯგუფებს დავხმარებოდით, რომლებიც CPAS-ის კანონით დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებენ“.
ბელგიის მთავრობის განცხადებით, უმუშევრობასთან ბრძოლის ეს რეფორმა თითქმის 2 მილიარდი ევროს დაზოგვის საშუალებას იძლევა.