ბელარუსში საპრეზიდენტო კანდიდატის, ვიქტორ ბაბარიკოს პირადი ასისტენტი დააკავეს
ბელარუსში საპრეზიდენტო კანდიდატის, ვიქტორ ბაბარიკოს პირადი ასისტენტი დააკავეს

ბელარუსში საპრეზიდენტო კანდიდატის, ვიქტორ ბაბარიკოს პირადი ასისტენტი დააკავეს. ელენა კარაგაჩევა, მინსკში, ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

კარაგაჩევა ამჟამად ბაბარიკოს საინიციატივო ჯგუფის წევრია. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, კარაგაჩევა ბელარუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

ჯერჯერობით უცნობია, წაყენებული აქვს თუ არა ბრალდებები ბაბარიკოს პირად ასისტენტს.

წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება ვიქტორ ბაბარიკოც, რომელიც „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელია. ის 19 ივნისს დააკავეს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, „ბელგაზპრომბანკის“ საქმე ფულის გათეთრების და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებას უკავშირდება. დაკავებულია ბანკის რამდენიმე თანამშრომელიც.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 9 აგვისტოს არის დანიშნული.

დატოვე კომენტარი