ბელარუსმა 80 000 ტონა ნავთობი, რუსეთის ნაცვლად, ნორვეგიისგან შეიძინა
ბელარუსმა რუსული ნავთობის ალტერნატივა იპოვა. ბელარუსის მთავრობამ 80 000 ტონა ნავთობი ნორვეგიისგან შეიძინა და „ნაფტანის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ლიეტუვის კლაიპედას პორტის გავლით გადაზიდავს.
ლიეტუვის პორტიდან ნავთობის გატანა სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში დაიწყება.
მანამდე, ბელარუსის ვიცე-პრემიერმა, დმიტრი კრუტოიმ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ნაცვლად, სხვა წყაროების მოსაძებნად მინსკმა კომერციული წინადადებები უკრაინაში, პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში გაგზავნა.
24 დეკემბერს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ქვეყანას ნავთობი საუდის არაბეთისა ან აშშ-ისგან შესაძლოა, პოლონეთის გავლით მიეღო. მოსკოვი და მინსკი ვერ შეთანხმდნენ ხელშეკრულებებზე, რადგან ბელარუსის გადამამუშავებელი ქარხნები არ აპირებენ საბაზრო ფასის გადახდას.