ბელარუსის შსს-ს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღის განმავლობაში საპროტესტო აქციების 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს
ბელარუსის შსს-ს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღის განმავლობაში საპროტესტო აქციების 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

ბელარუსში გასული დღის განმავლობაში საპროტესტო აქციების 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ოლგა ჩემოდანოვა ავრცელებს.

მისი ცნობით, აღნიშნული პირები მასობრივი ღონისძიებების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისთვის დააკავეს.

მინსკსა და სხვა ქალაქებში ოპოზიციონერი აქტივისტების დემონსტრაცია ბელარუსის დამოუკიდებლობის გამოცხადების 103-ე წლისთავს უკავშირდებოდა. დილიდან ხელისუფლებამ უსაფრთხოების ძალების მობილიზება მოახდინა და მასობრივი შეკრება აღკვეთა.

მანამდე, ლიეტუვაში მყოფმა ოპოზიციონერმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების განახლებისკენ მოუწოდა.

„დესტრუქციული ტელეგრამ-არხებით დაანონსებული მასშტაბური პროტესტი არ შედგა. ქვეყანაში დაფიქსირდა მასობრივი ღონისძიებების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის ერთეული ფაქტები. ძირითადად, ეს იყო ერთკაციანი პიკეტები არარეგისტრირებული სიმბოლიკით“, – წერს შსს-ს წარმომადგენელი.