ბელარუსის სასამართლომ პოლონური საქველმოქმედო ორგანიზაცია „ექსტრემისტულად“ გამოაცხადა

18:08, 22.07.2026
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო

ყოველდღიური გამოცემა „გაზეტა ვიბორჩას“ ცნობით, ბელარუსის სასამართლომ „ექსტრემისტულ“ ორგანიზაციად გამოაცხადა პოლონური საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც მიგრანტებსა და ლტოლვილებს ეხმარება. ეს ნიშნავს, რომ მისი სოციალური ქსელების გვერდების გამომწერიც კი, შესაძლოა, ბელარუსის ხელისუფლების ყურადღება ქვეშ მოექცეს.

 

გამოცემის ცნობით, გროდნოს რაიონულმა სასამართლომ 14 ივლისს დაადგინა, რომ ქალაქ ბელოსტოკში დაფუძნებული ფონდის, Okno na Wschód-ის („ფანჯარა აღმოსავლეთისკენ“) ვებ-გვერდი, ასევე მისი ფეისბუკის, ინსტაგრამისა და იუთუბის პროფილები და ლოგო ექსტრემისტული მასალების ჩამონათვალს უნდა დაემატოს. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ფონდმა საკუთარ სოციალურ ქსელებში გაავრცელა.

თითქმის ორი ათწლეულია, Okno na Wschód-ი ბელოსტოკში საქმიანობს. „გაზეტა ვიბორჩას“ ცნობით, იგი ეხმარება აღმოსავლეთევროპელ მიგრანტებსა და ლტოლვილებს, მხარს უჭერს სამუშაოს მაძიებლებს, ატარებს პოლონური ენის კურსებს, კონსულტაციებს უწევს ოჯახებს სკოლებთან და სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობაში და ახორციელებს ინტეგრაციის პროგრამებს.

ფონდის განცხადებაში, რომელსაც პოლონური გაზეთი ციტირებს, ასევე აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია ყოველთვის პოლონეთისა და ევროკავშირის კანონმდებლობის სრული დაცვით მოქმედებდა და მისი მიზანი რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მხარდაჭერაა.

ფონდის წარმომადგენლებმა ამ გადაწყვეტილების შესახებ ბელარუსის ინფორმაციის სამინისტროს მიერ წარმოებული რეესტრიდან შეიტყვეს. „ჩვენ ამ სიას მუდმივ რეჟიმში ვადევნებთ თვალს, რადგან ის პირდაპირ გავლენას ახდენს იმ ადამიანების უსაფრთხოებაზე, რომლებიც ჩვენი მხარდაჭერით სარგებლობენ“, – განუცხადა „გაზეტა ვიბორჩას“ ფონდის პრეზიდენტმა, პაველ მიცკევიჩმა.

მისი თქმით, ბელარუსის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული რისკების შესახებ ორგანიზაცია უკვე დიდი ხანია აფრთხილებს იმ ადამიანებს, ვისაც ეხმარება. მიცკევიჩმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სასაზღვრო შემოწმებების დროს ხშირად ხდება მობილური ტელეფონებისა და სოციალური ქსელების აქტივობის გაკონტროლება.

ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ფონდი მოუწოდებს ბელარუსში მყოფ ან იქ გამგზავრების მსურველ ადამიანებს, საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ბელარუსში ყოფნის განმავლობაში, შეწყვიტონ ორგანიზაციის პროფილების გამოწერა და თავი შეიკავონ მისი კონტენტის გაზიარებისგან.

 

სტატიის ავტორი: პოლონეთის საზოგადოებრივი რადიომაუწყებელი „პოლონეთის რადიო“ (Polskie Radio)

ფოტოს ავტორი: იასუიოში ჩაბა, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

წყარო: პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP (Polska Agencja Prasowa)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 21 ივლისი, 2026 წელი, 15:00 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი