ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ვიქტორ ბაბარიკოს შტაბი პოლიტიკურ პარტიას ქმნის
ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელის, ვიქტორ ბაბარიკოს შტაბი ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის, სახელწოდებით „ერთად“. ამის შესახებ ბაბარიკომ და მისი შტაბის წარმომადგენელმა, მარია კოლესნიკოვამ განაცხადეს.
როგორც „როიტერი“ წერს, გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ვიქტორ ბაბარიკო ამბობს, რომ დადგა დრო, ბრძოლა ორგანიზაციული ფორმით გააგრძელონ. ვიდეომიმართვა ბაბარიკოს დაკავებამდე არის ჩაწერილი. ის ივნისის შუა რიცხვებში დააკავეს, რის გამოც მან არჩევნებში კენჭისყრა ვერ შეძლო.
ვიდეომიმართვაში მისი შტაბის წარმომადგენელი და ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრი, მარია კოლესნიკოვა ამბობს, რომ პარტიის რეგისტრაციისთვის დოკუმენტებს უახლოეს დროში შეიტანს.
„ქვეყანა პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისშია და ერთად ჩვენ ვიცით, როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ჩვენ ვაყალიბებთ ახალ, შეგნებულ და პასუხისმგებლიან ბელარუსულ საზოგადოებას“, – აცხადებს კოლესნიკოვა ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ბელარუსმა ხალხმა გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე ბოლო 26 წლის განმავლობაში.
ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება.