ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვალერი ცეპკალო ალექსანდრ ლუკაშენკოს ქვეყანაში „მაიდნის“ პროვოცირების მცდელობაში ადანაშაულებს
ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვალერი ცეპკალო ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ქვეყანაში „მაიდნის“ პროვოცირების მცდელობაში სდებს ბრალს. ამის შესახებ უმაღლესი ტექნოლოგიების პარკის ყოფილმა დირექტორმა, ცეპკალომ „უკრაინა24“-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
„სინამდვილეში, უნდა გავიგოთ, რომ ლუკაშენკო მაიდნის პროვოცირებას ცდილობს. არც ერთ ალტერნატიულ კანდიდატს მაიდანზე არასდროს უსაუბრია. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ მან ხმები სამართლიანად დაითვალოს. ჩვენ უბრალოდ გვინდოდა, წავსულიყავით საპრეზიდენტო არჩევნებზე, გულწრფელად წარგვედგინა პროგრამა და მართლაც მიგვეცა ბელარუსის ხალხისთვის იმ მომავლის არჩევის შესაძლებლობა, რომელიც ხალხს უნდა. ლუკაშენკო ხალხს ამ შესაძლებლობას ართმევს“, – განაცხადა ცეპკალომ.
ცესკო-მ ცეპკალოს 9 აგვისტოსთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ მისცა. ცეპკალომ გადაწყვეტილება უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მისი საჩივარი არ დააკმაყოფილეს.