ბელარუსის პრემიერ-მინისტრი - საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი და დროში გამოცდილი პარტნიორია
ბელარუსის პრემიერ-მინისტრი - საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი და დროში გამოცდილი პარტნიორია

საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი და დროში გამოცდილი პარტნიორია. მნიშვნელოვანია, რომ ვინარჩუნებთ დიალოგს მაღალ დონეზე, – ამის შესახებ ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა, სერგეი რუმასმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან შეხვედრისას განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა სტაბილური რჩება ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვაც.

„თუმცა, უნდა ითქვას, რომ ქართული მხარე კარგად მუშაობს და თქვენი პროდუქციის ექსპორტი ბელარუსში წლიდან წლამდე იზრდება“, – განაცხადა ბელარუსის პრემიერმა.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ აღნიშნა, დღეისთვის საქართველო და ბელარუსი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან, თუმცა ურთიერთვაჭრობის მხრივ ქვეყნებს შორის მეტი ეკონომიკური პოტენციალი არსებობს და ის სრულად უნდა იყოს ათვისებული.

ამასთან, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ბელარუსულ მხარეს საქართველოსა და ბელარუსს შორის თავისუფალი ინდუსტრიული და ეკონომიკური ზონების კუთხით თანამშრომლობის განვითარება შესთავაზა.

ბელარუსის პრემიერ-მინისტრი სერგეი რუმასი საქართველოს მარტში ეწვევა.

ნათია თურნავასა და სერგეი რუმასის შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საპარტნიორიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და ბელარუსში საქართველოს ელჩი ვალერი კვარაცხელია ესწრებოდნენ.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და მხარეების კომენტარები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.