ბელარუსის ხელისუფლებამ უცხოელ ჟურნალისტებს აკრედიტაციები გაუუქმა
ბელარუსის ხელისუფლებამ უცხოელ ჟურნალისტებს აკრედიტაციები გაუუქმა

ბელარუსის ხელისუფლებამ უცხოელ ჟურნალისტებს აკრედიტაციები გაუუქმა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო.

აკრედიტაცია გააუქმეს „ბიბისის“, რადიო „თავისუფლების“, „ფრანს პრესის“, „როიტერის“, ასოშიეტიდ პრესის“, „დოიჩე ველესა“ და სხვა უცხოური მედიასაშუალებების თანამშრომლებს.

როგორც ბელარუსის საგარეო უწყებაში განაცხადეს, გადაწყვეტილება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზებით მიიღეს. ამასთან, სამინისტროში არ დაუკონკრეტებიათ, რამდენ ჟურნალისტს გაუუქმდა აკრედიტაცია.

ბელარუსის ხელისუფლების ნაბიჯი მკაცრად გააკრიტიკა ევროპელი ჟურნალისტების ფედერაციამ, რომლის პრეზიდენტმაც ბელარუსის მთავრობას რეპორტიორებისთვის აკრედიტაციის აღდგენა მოითხოვა.

მომხდარს გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასიც. მისი თქმით, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების გაუქმება რეპრესიების გაძლიერების ნიშანია.