ბელარუსის ჩემპიონატზე ფსონების რაოდენობა ჩემპიონთა ლიგის მაჩვენებელს გაუტოლდა
„პარიმატჩის“ კომუნიკაციების დირექტორმა ევგენი სელემენევმა განაცხადა, რომ მსოფლიოში შეწყვეტილი საფეხბურთო ჩემპიონატებისა და ტურნირების გამო, ბელარუსის ჩემპიონატისადმი ინტერესი იმდენად გაიზარდა, რომ ამ ქვეყნის უმაღლესი ლიგის თამაშებზე წამყვანი ტურნირების ოდენობის ფსონებს იღებენ.
ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატი ერთადერთი ტურნირია, რომელიც ევროპაში იმართება და ამის გამო, უზარმაზარი ყურადღება მიიქცია – ამის შესახებ „პარიმატჩის“ წარმომადგენელმა გამოცემა „პრესბოლთან“ ინტერვიუში ილაპარაკა.
„ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატი მიღებული ფსონების რაოდენობით, ახლა მსოფლიოში ნომერ პირველი სანახაობაა, რადგან სხვა მოვლენა უბრალოდ არ არსებობს. საფეხბურთო ჩემპიონატი ნიკარაგუაშიც ტარდება, მაგრამ ბელარუსი უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა“. – ამბობს „პარიმატჩის“ წარმომადგენელი.
მან კონკრეტული მონაცემებიც დაასახელა, ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატზე ფსონების რაოდენობა რამდენად გაიზარდა: „ჩვენი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბელარუსის ჩემპიონატის მატჩებზე ფსონები მოცულობისა და რაოდენობის თვალსაზრისით იმდენივეა, რაც ევროპის საუკეთესო ჩემპიონატებისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე. ანუ ბელარუსში ნებისმიერი საფეხბურთო მატჩი ახლა ჩემპიონთა ლიგის მატჩის დარ ინტერესს იწვევს“.