ბელარუსიდან ლიეტუვაში გვირაბით გადასვლის შემდეგ, მიგრანტები მესაზღვრეებს თავს დაესხნენ
დაუსრულებელი გვირაბი, რომელიც, სავარაუდოდ, ბელარუსიდან მიგრანტების არალეგალურად გადასაყვანად გამოიყენებოდა
ოთხშაბათს, 5 აგვისტოს, ახალი ამბების პორტალ „დელფის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიგრანტების ჯგუფი, ბელარუსთან საზღვარზე არსებული გვირაბით ლიეტუვაში გადასვლის შემდეგ, ამ ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებს თავს დაესხა.
ინციდენტი 26 ივლისს კაპჩიამიესტისის (Kapčiamiestis) სასაზღვრო საგუშაგოს ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა ლიეტუვის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურს (VSAT) ეს ფაქტი ბოლო დრომდე საჯაროდ არ გაუმხელია.
„დელფის“ ცნობით, მესაზღვრეებმა სახელმწიფო საზღვრის ქვეშ გაყვანილი გვირაბი აღმოაჩინეს და დაელოდნენ, მისი გავლით როდის გადმოვიდოდნენ მიგრანტები.
როდესაც გვირაბიდან პირველი ადამიანები გამოვიდნენ, ოთხმა ოფიცერმა ისინი დააკავა და ხელბორკილები დაადო. თუმცა, ამის შემდეგ გვირაბით კიდევ 20-მდე მიგრანტი შემოვიდა, რომლებიც სამართალდამცველებს თავს დაესხნენ და უკან დახევა აიძულეს.
ამის შემდეგ ყველა მიგრანტი, მათ შორის ისინიც, რომლებსაც ხელბორკილები უკვე ედო, უკან, ბელარუსის ტერიტორიაზე გაიქცა.
ლიეტუვის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურს ბოლო დრომდე მხოლოდ გვირაბის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა გავრცელებული, თუმცა მესაზღვრეებზე თავდასხმის ფაქტი არ გაუხმაურებია.
VSAT-ის პრეს-სპიკერმა, ლინა ლაურინაიტიტემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც შესაბამისი ნებართვა გასცა პროკურატურამ, რომელიც წინასწარ გამოძიებას აწარმოებს.
მისივე თქმით, ინციდენტის დროს არც ოფიცრები და არც მიგრანტები არ დაშავებულან.