ბეირუთში ინტერნეტმესინჯერებზე დაწესებული გადასახადის გამო დაწყებული აქციები გრძელდება
ბეირუთში ინტერნეტმესინჯერებზე დაწესებული გადასახადის გამო დაწყებული საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება.
ლიბანის დედაქალაქში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.
სამართალდამცველები იძულებული გახდნენ, ძალა გამოეყენებინათ, რადგან დემონსტრანტებმა მათ სხვადასხვა საგნები დაუშინეს.
„როიტერის“ ინფორმაციით, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება ბეირუთის იმ რაიონში დაიწყო, სადაც მთავრობის სასახლე მდებარეობს. არიან დაშავებულები. მათ შორის არიან პოლიციელები და დემონსტრანტები.
ბეირუთის ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები დღეს დილითაც ძალის გამოყენებით დაშალეს. დაშავდა 200 ადამიანი. არაბული მედია იუწყება, რომ დემონსტრაციები შეტაკებით დასრულდა ლიბანის სხვა ქალაქებშიც.
საპროტესტო აქციები ბეირუთში 16 ოქტომბერს დაიწყო, როცა ლიბანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ინტერნეტმესიჯნეჯრებით სატელეფონო ზარები ფასიანი გახდებოდა. კერძოდ, დღიური გადასახადის დაწესება იგეგმებოდა „ვოთსაფის“, „ფეისბუქისა“ და სხვა მესინჯერებით დარეკვისას.
საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ მთავრობამ განკარგულება გააუქმა.
მიუხედავად ამისა, დემონსტრაციები არ წყდება. აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს აპროტესტებენ და მთავრობას მისი გადაჭრისკენ მოუწოდებენ.
თავის მხრივ, ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, საადი ჰარირიმ განაცხადა, რომ ეკონომიკური რეფორმების გატარებაში მას კოალიციურ მთავრობაში პარტნიორები უშლიან ხელს, რომლებიც მის ინიციატივებს ბლოკავენ. ჰარირიმ პარტნიორებს 72 საათიანი ვადა მისცა, რათა მათ რეფორმებს მხარი დაუჭირონ.