ბეჟანიშვილით NBA-ის კიდევ ერთი გუნდი დაინტერესდა - გიორგი „ატლანტაში“ ივარჯიშებს #1TVSPORT
NBA-ის 2021 წლის დრაფტამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება, გუნდები კი აქტიურად განაგრძობენ ახალგაზრდა კალათბურთელებზე დაკვირვებას, რომლებსაც მომავალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში თამაში სურთ. ამ მოთამაშეებს შორის, როგორც იცით, გიორგი ბეჟანიშვილი და სანდრო მამუკელაშვილი არიან.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22 წლის ქართველი კალათბურთელი გიორგი ბეჟანიშვილი „ატლანტა ჰოუქსში“ ივარჯიშებს, – ამის შესახებ The Athletic-ის ჟურნალისტი იუწყება.
„„ილინოისის“ კალათბურთელი გიორგი ბეჟანიშვილი „ატლანტა ჰოუქსში“ ივარჯიშებს. მან „ბაქსში“, „ლეიკერსში“ და „მემფისში“ უკვე ივარჯიშა“, – წერს კრის კირშნერი „ტვიტერზე“.
ამერიკული მედია დრაფტის სავარაუდო სიებს პერიოდულად აქვეყნებს, მაგრამ გიორგი ბეჟანიშვილი კანდიდატებს შორის არ ხვდება. მიუხედავად ამისა, 22 წლის ქართველი სხვადასხვა გუნდებთან ვარჯიშობს და შესაძლოა, მომავალი სეზონიდან ის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ვიხილოთ.