ბეჟანიშვილის 17 ქულა და მარცხი - „სკაიჰოუკსი“ მეცხრე ადგილზეა [ვიდეო] #1TVSPORT
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის G ლიგაში რეგულარული სეზონი აქტიურად მიმდინარეობს. გიორგი ბეჟანიშვილის „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსმა“, რომელიც „ატლანტა ჰოუკსის“ განვითარების ლიგის გუნდია, კიდევ ერთი შეხვედრა გამართა „ლონგ აილენდ ნეტსთან“ და 107-120 დამარცხდა.
ბეჟანიშვილმა ამ შეხვედრაში 29 წუთი ითამაშა და 17 ქულასთან ერთად, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან 9-დან 6 ორქულიანი და 3-დან 3 ერთქულიანი გამოიყენა, სამქულიანის ჩაგდება კი ერთხელ სცადა და ვერ მოახერხა. ის მეტოქის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდა და 2-ჯერ დაკარგა ბურთი.
გამარჯვების მომტანი უპირატესობა „ნეტსმა“ მესამე მეოთხედში მოიპოვა – ამ პერიოდამდე თამაში თითქმის თანაბარი იყო, რადგან „სკაიჰოუკსი“ მხოლოდ 2 ქულით იგებდა, ბოლო ორ მეოთხედში კი მეტოქემ 16 ქულით მოიგო.
ჯორჯიელები 9 მოგებითა და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფში გასვლა კონფერენციიდან 6 გუნდს შეუძლია. შემდეგ შეხვედრას „სკაიჰოუკსი“ 14 თებერვალს გამათავს.