BBC-მ მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია არ აჩვენა - მის ნაცვლად გარი ლინეკერი და სტუდიის სტუმრები კატარში კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევას განიხილავდნენ #1TVSPORT
ბრიტანულმა ტელეკომპანია BBC-მ იგნორირება გაუკეთა კატარში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას.
შოუს პირდაპირი ტრანსლიაციის ნაცვლად, სტუდიის სტუმრები განიხილავდნენ პოლიტიკურ მაქინაციებსა და კორუფციას, რისი წყალობითაც კატარმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. ასევე განიხილეს მიგრანტი მუშების გაუსაძლისი პირობები, ადამიანის უფლებების დარღვევები და რეპრესიები ლგბტ პერსონების მიმართ.
„ეს ჩემპიონატი ისტორიაში ყველაზე წინააღმდეგობრივი გახდა ჯერ კიდევ ბურთის პირველ დარტყმამდე.
მას შემდეგ, რაც ფიფა-მ 2010 წელს კატარი აირჩია, ეს პატარა ქვეყანა მთელ რიგ სერიოზულ პრობლემებს წააწყდა – განაცხადის შეტანის პროცესისას კორუფციით დაწყებული და სტადიონების მშენებლობაზე დასაქმებული მიგრანტი მუშებით (რომელთაგანაც ბევრი დაიღუპა) დამთავრებული.
ჰომოსექსუალიზმი აქ კანონით აკრძალულია. ქალთა უფლებებთან და თვითგამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. გარდა ამისა, ექვსი წლის წინ მიიღეს მსოფლიო ჩემპიონატის ზამთარში გადატანის გადაწყვეტილება.
ამ ფონზე უნდა ჩატარდეს ტურნირი, რომელსაც მთელმა მსოფლიომ უნდა უყუროს და სიამოვნება მიიღოს. „კონცენტრაცია ფეხბურთზე“, – ამბობს ფიფა. კარგი, ჩვენ ასე მოვიქცევით, ყოველ შემთხვევაში, ორი წუთით“, – განაცხადა წამყვანმა გარი ლინეკერმა.
„თქვენ ვერასოდეს გაიგებთ, როგორია, იყო მიგრანტი მუშა. თქვენ აგრძელებთ იმის მტკიცებას, რომ ფეხბურთი ყველასთვისაა, მაგრამ თქვენ არ გაქვთ ამის თქმის უფლება“, – ასეთი კომენტარი გაუკეთა ინგლისის ქალთა ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ალექს სკოტმა ფიფა-ს პრეზიდენტის – ჯანი ინფანტინოს სიტყვას.
„თუ ისინი ასე ზრუნავენ მუშებსა და მათ ოჯახებზე, მაშინ რატომ არ დათანხმდნენ გამოეყოთ 400 მილიონი დოლარი კომპენსაციისთვის, რომელიც Amnesty International-მა მოითხოვა?“ – იკითხა ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ალან შირერმა.
ნახევარსაათიანი დისკუსიის შემდეგ, სტუმრები გახსნის მატჩის განხილვაზე გადაერთნენ.