BBC-ის ინფორმაციით, სერგეი სკრიპალი გონს მოვიდა
BBC-ის ინფორმაციით, სერგეი სკრიპალი გონს მოვიდა

რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი და ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი გონს მოვიდა. ინფორმაციას სოლსბერის საავადმყოფოს ექიმებზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს.

4 მარტს ქალაქ სოლსბერიში რუსეთის სპეცსამსახურის ყოფილი მზვერავი და ორმაგი ჯაშუში სერგეი სკრიპალი მის ქალიშვილთან, იულია სკრიპალთან ერთად მოწამლეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორივეს წინააღმდეგ ქიმიური იარაღი – ე.წ. ნერვული გაზი გამოიყენეს.

გამოძიების თანახმად, კვალი კრემლამდე მიდის. სკრიპალის მოწამვლასა და გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებას დასავლურმა ქვეყნებმა მკაცრი ზომებით უპასუხეს.

ბრიტანეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, 30-მდე სახელმწიფომ რუსი დიპლომატები გააძევა. ამ ქვეყნებს შორის არის საქართველოც.

სერგეი სკრიპალი 20 წელზე მეტხანს რუსეთის თავდაცვის უწყებაში მუშაობდა, რის შემდეგაც იგი რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამსახურში გადავიდა. მისი მთავარი მოვალეობა სპეცსამსახურისთვის ახალი კადრების შერჩევა იყო.

1995 წლიდან მან ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურთან საიდუმლო შეთანხმება გააფორმა. 11 წლის განმავლობაში სკრიპალი სწორედ ბრიტანეთზე მუშაობდა. 2004 წელს პოლკოვნიკს სახელმწიფო ღალატში ბრალი დასდეს. მან პატიმრობაში ექვსი წელი გაატარა.

2010 წელს მან პოლიტიკური თავშესაფარი გაერთიანებულ სამეფოში მიიღო.