BBC - ბოიკოტისკენ მოწოდებამ საუდის არაბეთის საინვესტიციო სამიტი ვერ ჩაშალა
დასვლეთის წამყვანი სახელმწიფოების მხრიდან ბოიკოტის მოწოდების მიუხედავად, საუდის არაბეთში საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია სახელწოდებით „მომავლის საინვესტიციო ინიციატივა“ დაიწყო. ინფორმაციას ბრიტანული ტელეკომპანია BBC ავრცელებს.
კონფერენციას, რომელსაც „უდაბნოს დავოსი“ უწოდეს და ელ-რიადი მნიშვნელოვან საინვესტიციო იმედებს ამყარებს, 140 მსხვილი საერთაშორისო კომპანიიდან 150-ზე მეტი დელეგატი უნდა დასწრებოდა. თუმცა სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო, სულ მცირე ორმოცმა დელეგატმა კონფერენციაზე დასწრება პროტესტის ნიშნად გადაიფიქრა.
BBC-ს მიხედვით, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც პროტესტის ნიშნად კონფერენციას აღარ დაესწრებიან, არიან მსხვილი ამერიკული საფინანსო კორპორაციის, JP Morgan-ისა და გერმანული ინდუსტრიული გიგანტის, Siemens-ის პირველი პირები, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი ქრისტინ ლაგარდი.
საუდის არაბეთში მილიარდი დოლარის მოცულობის საინვესტიციო პროექტზე მოლაპარაკებები შეაჩერა ცნობილმა ბრიტანელმა ბიზნესმენმა, რიჩარდ ბრანსონმაც.
კონფერენციაზე დასწრება გადაიფიქრა ზოგიერთმა სამთავრობო დელეგატმაც, მათ შორის საფრანგეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ნიდერლანდების მინისტრებმა. სამიტს არ დაესწრებიან გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობის მდივანი ლაიამ ფოქსი და აშშ-ის ხაზინის ხელმძღვანელი სტივენ მნუჩინი.
საუდის არაბეთის საინვესტიციო სამიტს შეპირებული საინფორმაციო მხარდაჭერა გაუუქმეს მსოფლიოს წამყვანმა მედიაკომაპნიებმა, როგორიცაა ამერიკული Bloomberg-ი, CNN-ი და ბრიტანული Financial Times-ი. თუმცა, როგორც BBC-ს კორესპონდენტი აღნიშნავს, კონფერენციაზე მაინც დარჩა ასობით ადამიანი, რომელიც პრაგმატულად უდგება საკითხს და ვარაუდობს, რომ პრობლემა შემზარავია, მაგრამ დროებითია და მალე მოგვარდება.
ფორუმს ესწრება ზოგიერთი იმ კომპანიის წარმომადგენელიც, რომლის ხელმძღვანელმაც კონფერენცია გააპროტესტა. სამიტზე ასევე დარჩა საუდის არაბეთში ბრიტანეთის ელჩი და ახლო აღმოსავლეთში ბრიტანეთის ვაჭრობის კომისიონერი.
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ჯერ კიდევ კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა, რომ სანამ გაუჩინარებული ჟურნალისტის საქმის გამოძიება მიმდინარეობს, გერმანია საუდის არაბეთს იარაღის ექსპორტს შეუჩერებს. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა კი, ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, შეუერთდნენ გერმანიის ინიციატივას.
„უდაბნოს დავოსი“ მსოფლიოს წამყვანი ბიზნესმენების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების შეხვედრისთვის განკუთვნილი პლატფორმაა, რომელიც გლობალური ეკონომიკისა და სამთავრობო პოლიტიკის, ასევე გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ დისკუსიას ისახავს მიზნად.
ფორუმი პირველად გასულ წელს გაიმართა და ამ საინვესტიციო სამიტის მეშვეობით, ელ-რიადი ქვეყანაში ინვესტორების მოზიდვასა და ეკონომიკის ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებას აპირებს. თავის მხრივ, მსხვილი საერთაშორისო კორპორაციები ნავთობით მდიდარი საუდის არაბეთის ბაზარზე ფეხის მოკიდების პერსპექტივებს ეძებენ