BBC-ი 150 რეგიონულ ჟურნალისტს დაიქირავებს
BBC-ი რეგიონებში 150 ჟურნალისტს დაიქირავებს. მათ „ადგილობრივი დემოკრატიის რეპორტიორებს“ უწოდებენ. ჟურნალისტების ხელფასს გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაიხდის, თუმცა ისინი ადგილობრივი რედაქციისთვის იმუშავებენ და რეგიონის ახალ ამბებს გააშუქებენ. რეპორტიორების მთავარი ფუნქცია ადგილობრივი ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების კონტროლი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
BBC-ის მიერ დაქირავებული რეგიონული ჟურნალისტების მიერ შექმნილი კონტენტი ხელმისაწვდომი იქნება პროექტში ჩართულ ასობით სხვა მედიასაშუალებისთვის.
რეგიონული მედიის მხარდაჭერის ახალი მექანიზმი გლობალური პროექტის Local News Partnership-ის ნაწილია, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ინგლისის მედიასაშუალებების გილდია, News Media Association-თან ერთად ახორციელებს. პროექტი სამ მთავარ ნაწილს მოიცავს.
1, News Hub – მონაწილეებს უფლება ექნებათ, რომ გამოიყენონ BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ყველა მასალა.
2.Shared Data Unit – ეს არის მონაცემთა საერთო ბაზა, რომელზეც პროექტში ჩართულ ყველა მონაწილეს ხელი მიუწვდება.
3. „ადგილობრივი დემოკრატიის რეპორტიორების“ დაქირავება.
BBC-ის ინფორმაციით, პროექტში უკვე ჩართულია 50 გამომცემლობა და მედიაკომპანია, რომელიც 600-ზე მეტ გამოცემას, მაუწყებელსა და ონლაინ მედიას წარმოადგენს. კონკურსის შემდეგ, BBC-მ გაასაჯაროვა იმ მედიასაშუალებების სია, რომლებშიც ახალ ჟურნალისტებს გააგზავნის. კონტრაქტი ორი წლის ვადით გაფორმდება. ისინი ადგილობრივი მედიასაშუალების რედაქტორებს დაექვემდებარებიან.
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი პროექტ Local News Partnership-ს დაფინანსებისთვის მომდევნო 9 წლის განმავლობაში, ყოველწიურად 8 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს.