ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პირველ ივნისს მზიურის პარკში ღონისძიებები გაიმართება
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პირველ ივნისს მზიურის პარკში ღონისძიებები გაიმართება

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პირველ ივნისს დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და ვაკის რაიონის გამგეობის ერთობლივი ორგანიზებით, თბილისში, მზიურის პარკში, დაგეგმილია სხვადასხვა სახის ბავშვთა გასართობი ღონისძიებები. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქტივობები რამდენიმე ლოკაციაზე 16:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში გაიმართება.

„სცენაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო სტუდიების კონცერტი, თოჯინების თეატრის წარმოდგენები ბავშვებისთვის და ზღაპრის გმირების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა გასართობი აქტივობები. დღის განმავლობაში ღონისძიებები განხორციელდება ღია სივრცეში.

აგრეთვე, პირველ ივნისის ღონისძიების მიმდინარეობისას, თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში, გაიმართება საბავშვო ლიტერატურისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მეზღაპრის კუთხე და სხვადასხვა აქტივობა.

მთელი დღის განმავლობაში, ბავშვებს სხვადასხვა სახის ტკბილეული უფასოდ გადაეცემათ, მათ განწყობაზე კი ზღაპრის გმირები იზრუნებენ. დასწრება თავისუფალია“,- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.