ბავარია: მესაფლავის პროფესია სულ უფრო პოპულარული ხდება – განსაკუთრებით ქალებში

16:26, 29.10.2026
საილუსტრაციო ფოტო

საილუსტრაციო ფოტო

დაკრძალვის მომსახურების სერვისი გერმანიაში ბუმს განიცდის. 2026 წელს, წინა წლებთან შედარებით, ამ საქმიანობის შემსწავლელ პროგრამებს გაცილებით მეტი ადამიანი გადის. საყურადღებოა ისიც, რომ მესაფლავეობის პროფესიული საიდუმლოებების დაუფლების მსურველთა ნახევარზე მეტი ქალია. შესაბამისად, ამ პროფესიის იმიჯი საგრძნობლად, მოძველებული კლიშედან ივენთ-მენეჯმენტამდე შეიცვალა.

„ძალიან ვამაყობ, რომ დაკრძალვის მომსახურების სპეციალისტი გავხდები“, – ამბობს სონია იოშკო. 27 წლის ქალმა თავდაპირველად მეანეობა შეისწავლა, შემდეგ კი ვიურცბურგში დაკრძალვის მომსახურების სპეციალისტის პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩაეწერა. მეორე წელია, რაც ის ახალ სპეციალობას ეუფლება. თავიდან სონია თავადაც გაკვირვებული დარჩა, რამდენად მრავალფეროვანი ყოფილა ეს პროფესია, რომელიც, როგორც თავად ამბობს, „სოფელში ადრე ხნიერი კაცის საქმედ მიიჩნეოდა“.

გასული წლის ბოლოს, გერმანიაში, სონია იოშკოს მსგავსად, მესაფლავეთა პროფესიულ მომზადების პროგრამაზე 900 ადამიანი სწავლობდა, რაც გერმანიის ფედერალური სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, რეკორდული მაჩვენებელია. უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეთა 61 პროცენტი ქალია. ბავარიაში კი ისინი 55 პროცენტს, ანუ ნახევარზე მეტს შეადგენენ.

ბავარიაში პროფესიული მომზადების მსურველთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება

„დაკრძალვის მომსახურების სფეროში დასაქმების მიზნით პროფესიული მომზადების გავლის მსურველთა რაოდენობა წლებია იზრდება“, – ამბობს დაკრძალვის მომსახურების ბავარიის ასოციაციის თავმჯდომარე, მათიას ლიბლერი. დაინტერესება განსაკუთრებით დიდი იყო იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებმაც პროფესიული მომზადება 2020 წელს ან მის შემდეგ დაიწყეს და საკვალიფიკაციო გამოცდა 2023 წელს ჩააბარეს. ამჟამად ბავარიაში დაკრძალვის მომსახურების სპეციალისტის პროფესიას დაახლოებით 150 ადამიანი ეუფლება. ქალების წილი აქაც 60 პროცენტს აღემატება.

ახალი პროფესიული იმიჯი: ივენთ-მენეჯმენტი, მოძველებული სტერეოტიპების ნაცვლად

ლიბლერის თქმით, ბევრი ახალგაზრდა ამ პროფესიას იმიტომ ირჩევს, რომ ეს საქმე „ადამიანებზე პირად ზრუნვასა და პრაქტიკულ ჩვევებს აერთიანებს“.

მისი შეფასებით, მესაფლავის პროფესიის აღქმა შეიცვალა: „ამ საქმიანობამ ჩამოიშორა მტვრიანი, პირქუში და მხოლოდ ხელით შრომასთან დაკავშირებული პროფესიის სტერეოტიპი. დღეს მას აღიქვამენ, როგორც თანამედროვე, რთულ და მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი მომსახურებისა და კონსულტაციის სფეროს. ჩვენ, ფაქტობრივად, ივენთ-მენეჯერები გავხდით!“

როგორც ლიბლერი ამბობს, ამ პროფესიის არჩევისას, მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ეს ხელობა დასაქმების საიმედო შესაძლებლობას იძლევა და ეკონომიკურ რყევებზე ნაკლებად არის დამოკიდებული.

ისიც აღსანიშნავია, ამ საქმიანობაში მძიმე ფიზიკურმა შრომამ თანდათან უკანა პლანზე გადაინაცვლა. შესაბამისად, დაკრძალვის მომსახურების სფეროში ქალების დასაქმების ბარიერმა ძალიან დაიწია. რუბენ ფრიშკეს თქმით, სტერეოტიპების დამსხვრევას და პროფესიის რეალისტურად წარმოჩენას სოციალური მედიაც უწყობს ხელს. 32 წლის ფრიშკე ქალაქ ვიურცბურგში დაკრძალვის მომსახურების სფეროს ოსტატი და პროფესიული მომზადების ინსტრუქტორია.

ვიურცბურგელი მესაფლავე ქალები: სიკვდილი და გლოვა ტაბუდადებული თემა არ არის

დავუბრუნდეთ სონია იოშკოს, რომელიც ვიურცბურგში მესაფლავის სპეციალობას ეუფლება და ამ პროფესიას უკვე მეორე წელია სწავლობს. მას არანაირი პრობლემა არა აქვს, ყველა საჩოთირო კითხვას, რომელიც ადამიანებს უჩნდებათ, პირდაპირ და გულწრფელად უპასუხოს, რადგან ადამიანების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება და მათთვის მესაფლავის პროფესიის გაცნობა თავისი საქმიანობის ნაწილად მიაჩნია.

უკვე მესამე წელია, მისი კოლეგა, ვიქტორია რინგელსბახერიც დაკრძალვის მომსახურების პროფესიას ეუფლება. მისთვის სიკვდილი და გლოვა ტაბუდადებული თემები არ არის:. „ამგვარ გულახდილობას მგლოვიარე ოჯახების წევრებიც კი გაგებით ხვდებიან. მადლიერება, რომელსაც მათგან ვიღებ, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“.

კრიტიკა დაკრძალვის მომსახურების ასოციაციის მხრიდან: სახელმწიფო უწყებებთან საქმის მოგვარება ტრადიციულ ფორმატში გვიწევს

კრიტიკას იწვევს ის გარემოება, რომ ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებას სათანადო ყურადღება არ ექცევა. სახელმწიფო უწყებებთან კონტაქტის დროს, ბევრი პროცედურა უშუალოდ, არაციფრული ფორმით უნდა განხორციელდეს, რაც ყოველდღიურ სამუშაოს ართულებს.

დაკრძალვის მომსახურების ბავარიის ასოციაციის წარმომადგენელი, მათიას ლიბლერი ასევე დაჟინებით ითხოვს, რომ ამ სფეროში დასაქმებისას, ოსტატის სერტიფიკატის მოთხოვნა სავალდებულო გახდეს. ამ მოთხოვნის მიზანი დარგში პროფესიული საქმიანობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა.

ამჟამად პროფესიული მომზადების გავლა სავალდებულო არ არის – სამეწარმეო საქმიანობის რეგისტრაცია სრულიად საკმარისია.

ქვემო ფრანკონიის მნიშვნელოვანი როლი

სარიტუალო მომსახურების მუშაკთა პროფესიული მომზადების თვალსაზრისით, ქვემო ფრანკონია, ქვეყნის მასშტაბით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს: ბად-კისინგენის რაიონში, მიუნერშტადტში მდებარე ფედერალური სარიტუალო სასწავლო ცენტრი პრაქტიკულ კურსებს ატარებს, რომლებშიც სხვადასხვა სასწავლებლის მსმენელები მონაწილეობენ. გერმანიაში ყველა პროფესიულმა მსმენელმა სამი ასეთი კურსი უნდა გაიაროს.

გარდა ამისა, იქვე ტარდება შუალედური და საბოლოო საკვალიფიკაციო გამოცდები დაკრძალვის სფეროს სპეციალისტებისთვის, ასევე გამოცდები სერტიფიცირებული მესაფლავეებისთვის. ქვეყნის მასშტაბით პროფესიული სწავლების მსურველთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, მიუნერშტადტში კურსებისა და მონაწილეთა რიცხვიც იმატებს.

ფედერალური სასწავლო ცენტრი, უკვე რამდენიმე წელია, თითქმის სრულად არის დატვირთული და გაფართოებას საჭიროებს. თუმცა, ეს პროცესი ბიუროკრატიულ ბარიერებს აწყდება და დიდ დროს მოითხოვს: საჭიროა დაფინანსების დამტკიცება, ტენდერის გამოცხადება და მშენებლობის ნებართვის მიღება. იმედოვნებენ, რომ გაფართოების სამუშაოები 2027 წელს დაიწყება.

სტატიის ავტორი: კრისტოფ შნაიდერი, „ბავარიის რადიო“ (BR24 -Bayerischer Rundfunk)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი, 2026 წელი, 10:13 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი